"მესმის, რომ საქართველოში ბევრ ოჯახს უჭირს, მაგრამ იცით, რა მიკვირს?" - კვირის პალიტრა

"მესმის, რომ საქართველოში ბევრ ოჯახს უჭირს, მაგრამ იცით, რა მიკვირს?"

"სწორედ მისი დამსახურებაა, რომ 30 წელია, ერთად ვართ, რომ ჩვენმა ოჯახმა ბევრ განსაცდელსა და დაბრკოლებას გაუძლო"

ის ერთი შეხედვით უზრუნველ ქალს ჰგავს, რომელიც მხოლოდ თავის გარეგნობაზე ზრუნავს, მაგრამ ეს პირველი შთაბეჭდილებაა - ვისაც თეა დარჩია სცენაზე ერთხელ მაინც უნახავს, ადვილად მიხვდება, რამხელა შრომა და ენერგია დახარჯა ამ მშვენიერმა ქალბატონმა, რომ თავისი საქმე სრულყოფილად ეკეთებინა. 30 წელი ქართული ცეკვის სამსახურში ძალიან დიდი დროა, ეს მთელი ცხოვრებაა, რომელზეც ხელოვანი ყველა ინტერვიუში დიდი სიყვარულითა და აღტაცებით ლაპარაკობს.

- ოთხი შვილის დედა ხართ. ალბათ, ყველა ქალს გაუჩნდება კითხვა: როგორ მოახერხეთ მათი აღზრდა წარმატებულ კარიერასთან ერთად?

- დიახ, ოთხი შვილი მყავს. უUმცროსი, გაბრიელი 6 წლისაა, იოანა - 10-ის, მირიანი - 18-ის, მარიამი კი 28 წლის. ეს არის ყველაზე ძვირფასი, რაც ამქვეყნად მაქვს და მეგულება. არც ერთისთვის ძიძა არ ამიყვანია. როგორ შევძელი ეს? უფლის შეწევნით და დახმარებით. მესმის, რომ ამჟამად საქართველოში რთული სიტუაციაა და ბევრ ოჯახს უჭირს, მაგრამ იცით, რა მიკვირს? გაჭირვებული ოჯახები უფრო მეტ შვილს აჩენენ და ზრდიან, ვიდრე - მდიდრები.

- 30 წელი სუხიშვილების ანსამბლში გაატარეთ, ახლა ამ ანსამბლში თქვენი გოგონა, მარიამი ცეკვავს. - ეს ანსამბლი ჩემთვის ყველაფერია; ეს არის ჩემი ცხოვრება და ჩემი მეორე ოჯახი, ილიკო და ნინო სუხიშვილები კი - ისინი, ვისაც ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებს ვანდობ. მიხარია, რომ ღირსეულად აგრძელებენ თავიანთი გვარისა და ოჯახის ტრადიციებს. ისინი ჩემს შვილს ხელისგულზე ატარებენ და ასე ექცევიან ყველას, ვინც ანსამბლში ფეხს შედგამს. არაერთი მაგალითი ვიცი, როგორ უვლიან პენსიაზე გასულებს, ავადმყოფებს, თქვენ წარმოიდგინეთ, ყოფილი მოცეკვავეების საფლავებსაც კი...

- ამბობენ, ქალს ასაკს არ ეკითხებიანო, მაგრამ... როგორ ინარჩუნებთ ფორმას?

- 49 წლის ვარ. ძალიან ბევრს ვშრომობ, რის გამოც ნორმალურად არც მძინავს და ვერც ვიკვებები. ფორმის შენარჩუნებას კი ჩემი პროფესიის წყალობით ვახერხებ. ცეკვას დიდი ენერგია მიაქვს და ფიზიკური ვარჯიში აღარ მჭირდება. რომ გითხრათ, კოსმეტოლოგთან არ დავდივარ-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ მარტო ჩემს გარეგნობაზე ფიქრისთვის არც დრო მაქვს და არც - სურვილი. ბოლო ხანებში ხუთი კილოგრამი მოვიმატე - არ ვცეკვავდი და უცბად დამეტყო. ასე რომ, ფორმაში თუ ვარ, ესეც ჩემი პროფესიის დამსახურებაა.

- ახლა საკუთარი ცეკვის სტუდია გაქვთ. რა კატეგორიის ხალხს ასწავლით ცეკვას? - ჩემს სტუდიაში ხუთი წლის ასაკიდან მოყოლებული, ასაკოვანი ადამიანებით დამთავრებული, ყველა ცეკვავს. მოდიან, მეხუტებიან, მადლობას მეუბნებიან და აბა, მითხარით, რა დამაბერებს? რასაკვირველია, ბავშვებს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ, პირველ რიგში ვცდილობ ისინი პიროვნებებად და კარგ ადამიანებად აღიზარდონ. ცეკვა საუკეთესო თერაპიაა, გავიწყებს უარყოფით განცდებს, რამდენი წლის ხარ და მარტო გარეგნობას კი არა, აზროვნებასაც ცვლის.

ერთი ჯგუფი მყავდა, რომელშიც საქართველოში აკრედიტებული ელჩების ცოლები ცეკვავდნენ. ისე დავმეგობრდით, რომ ერთმანეთთან სტუმრად დარეკვის გარეშე მივდივართ.

- როგორც ვიცი, ეკლესიური ოჯახი გაქვთ. წირვა-ლოცვაზე ბავშვებიც დაგყვებიან?

- მესამე და მეოთხე შვილზე ფეხმძიმედ რომ ვიყავი, სულ ტაძარში ვიდექი. ბავშვობიდანვე ყველა ტაძარში დამყავდა. უფროსი მარიამიც დიდი სიამოვნებით მომყვება და წირვაზე ჩემ გვერდით დგომა ძალიან მოსწონს. მშობლის მაგალითი ყველა დარიგებაზე უკეთ მოქმედებს: როგორც იქცევა მშობელი, ისე იქცევა ბავშვიც, თუ ბავშვი დაინახავს, რომ სარწმუნოებას კრძალვით ეკიდები, მასაც სულ სხვა კრძალვა და პატივისცემა გაუჩნდება. ჩემს მაგალითზე გეტყვით: მთელი კვირის განმავლობაში მიმყვება ის კეთილი, სუფთა ენერგია, რომელიც ტაძრიდან მომაქვს! ჩემი მეუღლე ელგუჯა მათიაშვილიც ეკლესიური ადამიანია. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ 30 წელია, ერთად ვართ, რომ ჩვენმა ოჯახმა ბევრ განსაცდელსა და დაბრკოლებას გაუძლო.

- ბოლოს ძალზე მტკივნეული შეკითხვა უნდა დაგისვათ: რა ბედი ელის ჩვენს ქვეყანას, როგორ წარმოგიდგენიათ მისი მომავალი? - მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ და უპირველესად ღვთის ძალის მჯერა. ძალიან მინდა, ქართულ პოლიტიკაში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა, განათლებული, ჯანსაღი სულის ადამიანი მოვიდეს.

ხვალ რომ არჩევნები იყოს, ხმას მხოლოდ ახალგაზრდებს მივცემდი, ისეთებს, რომლებიც თავიანთი სამშობლოსა და მართლმადიდებლური სარწმუნოების ერთგული არიან.

იხილეთ ასევე: "მითამაშია და ვიცი, ეს რა საშინელებაა!"

ხათუნა ჩიგოგიძე