"უხანში ჩვენი კოლეგები დამცავი აღჭურვილობის მოუხსნელად საათობით შეუსვენებლად მუშაობდნენ და ფეხზე ძლივს იდგნენ" - რას გვირჩევს ექიმი ჩინეთიდან?
"უხანში ჩვენი კოლეგები დამცავი აღჭურვილობის მოუხსნელად საათობით შეუსვენებლად მუშაობდნენ და ფეხზე ძლივს იდგნენ" - რას გვირჩევს ექიმი ჩინეთიდან?
როგორ ებრძვიან ჩინეთში კორონავირუსს, სახელად COVID-19-ს, რა რეჟიმში მუშაობენ ადგილობრივი ექიმები და რა ვითარებაა იმ ქვეყანაშიც, სადაც ვირუსი პირველად გამოვლინდა, გაზეთმა "კვირის პალიტრამ" ჩინეთის ქალაქ იუშის (ჯეძიანის პროვინცია) საავადმყოფოს იემენელ ექიმ ამარ ალბადანისთან ინტერვიუ ჩაწერა, რომლიდანაც  ამონარიდებს გთავაზობთ:

- 20 წელზე მეტია ჩინეთში ვცხოვრობ და ვმუშაობ. პირველად აქ 1996 წელს ჩამოვედი და ეს ქვეყანა ჩემთვის უკვე მეორე სამშობლოსავით არის. აქ მივიღე მედიცინის დოქტორის ხარისხი. რამდენიმე პროვინციაში იმუნოდეფიციტურ ვირუსებზე მომიწია მუშაობამ.

2003 წელს აქ სარსი SARS მძვინვარებდა, მოგვიანებით ებოლა და H1N1-ც იყო, მაგრამ გავუძელით, თან ოქროს გამოცდილება მივიღეთ... ამ პროვინციაში 100-ზე მეტი ქვეყნიდან 15 ათასზე მეტი უცხოელი ცხოვრობს და მუშაობს.

- თქვენ ქალაქ უხანშიც იყავით. რა ხდება ახლა იმ ქალაქსა და პროვინციაში?
- იქ მხოლოდ რამდენიმე
დღე ვიყავი, როდესაც ვირუსის კერა ახალი აფეთქებული იყო. მოხალისეებთან ერთად ჩავედი, რადგან ჩვენი კოლეგები პირბადისა და სხვა დამცავი აღჭურვილობის მოუხსნელად რამდენიმე საათს შეუსვენებლად მუშაობდნენ და ფეხზე ძლივს იდგნენ... ვითარება ნამდვილად მძიმე იყო. თუკი ამით საზოგადოების დამშვიდებას შევძლებთ, არც ერთი პაციენტი მოზარდი არ ყოფილა. ვითარება ახლაც მძიმეა, მაგრამ კონტროლს ექვემდებარება. პაციენტები, რომელთაც ვირუსის მძიმე ფორმა ჰქონდათ, ჰოსპიტალში მკურნალობენ, გამომჯობინების შემდგომ კი შინ, ექიმის მეთვალყურეობით აგრძელებენ მკურნალობას.
არიან ისეთებიც, ვინც წავიდნენ, ჩვენ კი დავრჩით. პანიკას აყოლილი ჩინელებიც გაერიდნენ აქაურობას, რაც სხვებზე ფსიქოლოგიურად ცუდად აისახა. ყველა თავისებურად იღებს ამა თუ იმ მოვლენას, ვადევნებ ევროპას თვალს, ზოგან პანიკაა, ზოგან არა. ჩინელ ერს სწრაფი ადაპტაციის უნარი აქვს. ქალაქებში ვერ ნახავთ პირბადის გარეშე ადამიანს. ნებისმიერ დაწესებულებასთან უზარმაზარი ცოცხალი რიგი მოწესრიგებულია.

პანიკა იყო და ამაში განსაკუთრებული არაფერია. უბრალოდ, სახელმწიფო და მედიკოსები მუდმივად უნდა ვცდილობდეთ ადამიანების თვითშეგნების ამაღლებას კორონავირუსის დროსაც და მერეც.

- როგორია თქვენი მუშაობის გრაფიკი?

- დღე-ღამის განმავლობაში, შეუსვენებელი მუშაობის კვალდაკვალ, ათეულობით სატელეფონო ზარს ვპასუხობთ. ყველა ვალდებულია, ზარებს უპასუხოს, რადგან საუბარი ხალხს ფსიქოლოგიურად ამშვიდებს.
ჩვენი ქალაქის საავადმყოფოში ერთდროულად 150 პაციენტის მიღება შეგვიძლია. გვაქვს იზოლირებული პალატებიც მძიმე პაციენტებისთვის. იანვრის დასაწყისიდან, ანუ პირველი პაციენტის გამოვლენიდან დღემდე, არც ერთ ექიმს, მათ შორის ფეხმძიმეებსაც კი, შვებულება არ აუღია. ჩვენ მონაცვლეობით ვმუშაობთ... როდესაც პაციენტების რაოდენობა იზრდება, ექიმები სახლშიც არ მივდივართ.

- ჩინეთის გამოცდილებაზე დაყრდნობით, რას ურჩევთ სხვა ქვეყნის მოსახლეობას?
- მსოფლიოში არსებული რეალობიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, თქვენს ქვეყანაში მზადყოფნაა, მაგრამ მაინც ჩემი რჩევა ასეთი იქნება – არავითარ შემთხვევაში არ აჰყვეთ პანიკას! პანიკა და გამოჯანმრთელება ერთდროულად რთულია. ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებს, მუდმივად გაიკონტროლონ ჯანმრთელობის მდგომარეობა, აიმაღლონ იმუნიტეტი. გაითვალისწინეთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და თქვენი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.

აუცილებლად დაიცავით ჰიგიენის წესები, ხშირად დაიბანეთ ხელები. გრძელ გზაზე ტრანსპორტით მგზავრობისას თან ატარეთ ანტისეპტიკური ხსნარი. მოერიდეთ იმ ქვეყნებში გამგზავრებას, სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა. თუ უკვე იქ იმყოფებით, მოერიდეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მასობრივი თავშეყრის ადგილებს. თუკი ისეთ ქვეყნებში ხართ, სადაც ვირუსის შემთხვევები გამოვლინდა, მაშინვე ნუ გადაწყვეტთ სამშობლოში დაბრუნებას, რადგან შესაძლოა ვირუსის პოტენციური გადამტანი აღმოჩნდეთ და თქვენს ქვეყანაში კორონავირუსის ექსპორტი მოხდეს. 14 დღის განმავლობაში თავი შეიკავეთ სახლიდან გამოსვლისგან. ვირუსის სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში ნუ ჩავარდებით პანიკაში. ეს დასასრული არ არის, მაგრამ ნურც თვითმკურნალობას შეუდგებით. აუცილებლად მისდიეთ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინსტრუქციებს.


მედეა
02 მარტი 2020 11:22
ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველა ექიმს! ძალიან ძნელი საქმე აბარიათ მ ა თ , სიყვარული და თანადგომა სჭირდებათ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები