"როცა საქართველოში განგაში ატყდა, მოსკოვში ყველაფერი ჩვეულ რიტმში იყო და დღემდე თითქმის ასეა" - რას ყვებიან რუსეთში მცხოვრები ქართველები?
"როცა საქართველოში განგაში ატყდა, მოსკოვში ყველაფერი ჩვეულ რიტმში იყო და დღემდე თითქმის ასეა" - რას ყვებიან რუსეთში მცხოვრები ქართველები?
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ჩვენი ქვეყნის საზღვრები ჩაკეტილია და ხელისუფლება რომ მაქსიმუმს აკეთებს, ეს ყველამ იცის. ისიც ცნობილია, რომ უკვე რუსეთიდან მომავალი მგზავრებისათვისაც ჩაიკეტა საზღვარი. ამ ქვეყანაში ბევრი ქართველი ცხოვრობს და ბუნებრივია დავინტერესდით რუსეთში არსებული ვითარებით. მართალია ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსით დავადებულთა რიცხვმა 90-ს გადააჭარბა, თუმცა იქ მცხოვრები ადამიანები თვლიან, რომ ციფრი ბევრად მეტია. რუსეთის ხელისუფლება კი ცდილობს ეს არ
გაახმაუროს და მოსახლეობა პანიკაში არ იყოს, ამიტომ არ ასაჯაროვებს რეალურ სურათს. საინფორმაციო საშუალებებით კი არ შუქდება რუსეთში აქტიურად ეს გლობალური პრობლემა.
მოსკოვში მცხოვრები ქართველების თქმით, ძირითადად საინფორმაციო საშუალებები მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლებიან, ხელების ხშირი დაბანისკენ და ჰიგიენის წესების დაცვისკენ მოუწოდებენ მოსახლეობას, განსაკუთრებული რეკომენდაცია მოხუცებს გაეწიათ, მათ ურჩევენ
სახლებში დარჩნენ. ამ რეკომენდაციებმა უკვე შედეგი გამოიღო. მოსკოვის ქუჩებში 3 დღეა იშვიათად ნახავთ მოხუცს. როგორც სხვაგან, მოსკოვშიც არის პირბადეების დეფიციტი. უკვე მესამე დღეა მოსკოვში მოსახლეობაში პანიკაა, რადგან სხვადასხვა წყაროებით ხალხი ინფორმაციას იღებს და სასურსათო მაღაზიებში გაჩნდა დიდი რიგები.

17 მარტიდან მაღალი რისკიდან გამომდინარე მოსკოვის სკოლებში 2 კვირით სწავლა შეწყდა. ამ ინფორმაციამ უფრო შეაშინა ხალხი.

მოსკოვში მცხოვრები ქართველი, ნათია კეკელია:
- 17 წელია, ოჯახთან ერთად, მოსკოვში ვცხოვრობ, კრემლიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით. ბუნებრივია როგორც სხვებს, ჩვენც ძალიან გვეშინია კორონავირუსის და მაქსიმალურად ვიცავთ რეკომენდაციებს. ეს დღეები უფრო მეტად ქართველები ვიყავით შეშინებულები, რადგან ინფორმაციებს ქართული არხებიდან ვიღებდით. იმ დროს როცა თქვენთან განგაში ატყდა, მოსკოვში ყველაფერი ჩვეულ რიტმში იყო და დღემდე თითქმის ასეა. ყველა დაწესებულება მუშაობს. სკოლები ახლახანღა დაიკეტა, ეს არის მთავარი სიახლე. 2 დღის წინ ბავშვის კლასის დამრიგებლისგან მივიღე შეტყობინება, მწერდა, ჩვენ, მშობლებს გადაგვეწვიტა გავუშვებდით თუ არა ბავშვს სკოლაში, თუ არ გვსურდა, შეგვეძლო არ გაგვეშვა. ჩემი შვილი მეხუთე კლასშია, 3 დღის წინ იყო სკოლაში, მაგრამ კლასში მხოლოდ 4 მოსწავლე დახვდა და ამის მერე მეც არ გამიშვია. გუშინ ელექტრონულად მივიღე პედაგოგებისგან შეტყობინება, თუ რა დავალება მისცა სხვა მოსწავლეებს. მწერდა დამიდასტურე, რომ ბავშვი ნამდვილად სახლშია და ეს მიცემული დავალება სახლში იმეცადინოსო. 16 მარტს უკვე მოსკოვის მერის ბრძანება გავრცელდა და განათლების სამინისტრომ ორი კვირით სკოლები დახურა. როგორც არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რამდენიმე ბავშვია დაავადებული, ასახელებენ კონკრეტულ სკოლებს და ამბობენ, რომ ამ სკოლის მოსწავლეები მკურნალობენ თურმე კლინიკაში. ერთ სკოლაზე ითქვა, რომ მათი სამი მოსწავლე არის კორონავირუსით დაავადებული. მეორეში - 2. მოხუცები აღარ დადიან ქუჩაში, რადგან ცნობილია, რომ ყველაზე მეტად მათთვის არის საშიში ეს ვირუსი. ორი დღეა რიგებია მაღაზიებში - წიწიბურას, ბრინჯს, ფქვილს, შაქარს, კონსერვების, განსაკუთრებით ტუალეტის ქაღალდის, ხელსაწმედნდებს დიდი ოდენობით ყიდულობს ხალხი. მალფუჭებად პროდუქტებზე არ არის იმდენად მოთხოვნა. როგორც ვხვდები, მოსახლეობა ელოდება საგანგებო სიტუაციის გამოცხადებას და ამიტომ იმარაგებს ასეთი რაოდენობით პროდუქტებს. დღეს მეც შევედი მაღაზიაში, მინდოდა ერთი 10 დღის მარაგი გამეკეთებინა, აუცილებელი მოხმარების პროდუქტებისგან თითქმის დაცლილი დამხვდა დახლები, თუმცა გვითხრეს, რომ მალე შეავსებენ. კარანტინი ოფიციალურად არ არის გამოცხადებული, ახლა ყველა კარანტინის მოლოდინშია.

- ფასებმა მოიმატა?
- პროდუქტებზე ფასებმა რამდენიმე დღით ადრე მოიმატა უმნიშვნელოდ, ამის მიზეზი დოლარის კურსის აწევა იყო. 10 მანეთით გაძვირდა დოლარი. ახლა კორონავირუსის პანიკის ფონზე კი ფასები მაღაზიებში უცვლელია. ჩვეულებრივ მუშაობს ყველა დაწესებულება, რესტორანი, მაღაზიები. გასართობი ცენტრები. თვალშისაცემი მხოლოდ ის არის რომ მოხუცები არ დადიან ქუჩაში. ერთადერთი რაც არის დაიკეტა მოსკოვში არსებული ყველაზე დიდი ბაზრობა, "სადავოდი". ამ ბაზრობაზე იყიდება როგორც ცოცხალი ფრინველები, თევზი და პროდუქტები, ასევე ტანსაცმელი, უზარმაზარი ბაზრობაა, ძალიან ბევრი ჩინელი მუშაობს და ვაჭრობს იქ. ამბობენ, რომ იქ მომუშავე რამდენიმე ადამიანს დაუდგინდა კორონავირუსი, ამიტომ სასწრაფოდ დაიხურა იქაურობა, ჩატარდა დეზინფექცია და იქ მომუშავე ხალხი კარანტინში გადაიყვანეს. სასწრაფოები იდგა და გადაყავდათ ხალხი კლინიკებშიო. ფაქტია ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს დამალოს რეალური სურათი. მარტო ინტერნეტით ვრცელდება ინფორმაციები. ყველაზე მეტად ეს გვაშფოთებს, რომ არ ვიცით რეალურად რა ხდება...
3 დღის წინ ჩვეულებრივ იყო ყველაფერი, 2 დღეა მასიურად დაიწყო პროდუქტების ყიდვა ხალხმა. ახალი საავადმყოფო შენდებოდა და ამ ეპიდემიის გამო ის საავადმყოფო გადაკეთდა და ყველა დაავადებულ ადამიანს იქ ათავსებენ. კიდევ ერთი დიდი საავადმყოფოს მშენებლობა ახლა დაიწყეს, რაც ადასტურებს იმას, რომ ბევრია დაავადებული. ნიღბები, ფაქტობრივად, არ არის, დეფიციტშია ანტისეპტიკური საშუალებებიც. როგორც ამბობენ, სისხლის ნიმუშები კვლევისთვის მიაქვთ ნოვოსიბირსკში და იქ კეთდება კვლევა ლაბორატორიაში. ვფიქრობ, არ უნდათ პანიკა შექმნან და ამიტომ არ აცხადებს ტელევიზიები რეალობას. როგორ განვითარდება მოვლენები, არ ვიცი. მეც ჩვეულებრივ ვმუშაობ და არავისგან არანაირი შეზღუდვა მოსახლეობას ჯერ არ აქვს.

სრულიად განსხვავებული ვითარებაა სოჭში, იქ მცხოვრებ ქართველსაც დავუკავშირდი. ამბობს, რომ ყველაფერი ჩვეულ რეჟიმშია და სკოლებშიც დადიან ბავშვები.

ნელი გალდავა, სოჭში მცხოვრები ქართველი:
- სოჭში ჩვეულებრივი რეჟიმით მუშაობს ყველა და ყველაფერი. აქ ძალიან დათბა, ტემპერატურა 27 გრადუსამდე ავიდა და ამის დამსახურებაა თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, სოჭში ჯერ კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ჩემი ახლობელი მუშაობს ინფექციურ საავადმყოფოში. მან მითხრა, რომ სისტემატურად ხდება ხსნარებით დამუშავება კლინიკის, თუმცა ჯერ არც ერთი პაციენტი აქ არ შემოუყვანიათო. მზადყოფნა ნამდვილად არის. იმედი ვიქონიაოთ, როგორც სხვა ვირუსები, ესეც დათბობისთანავე გაქრება. სკოლებშიც ჩვეულებრივ გრძელდება სწავლა, არც პროდუქტების დეფიციტია. სასურსათო მაღაზიაში ვმუშაობ და არავინ იმარაგებს პროდუქტებს. ყველაფერი ძველებურად მიდის. სკოლებს ამუშავებენ სადეზინფექციო ხსნარებით. არც პირბადე უკეთია არავის. ამიტომ დეფიციტიც არ არის.


(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა