"ვირუსი მე-7 და მე-9 დღეს გაქრა" - რას ყვება ექიმი, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულებს ოზონოთერაპიით მკურნალობს? - კვირის პალიტრა

"ვირუსი მე-7 და მე-9 დღეს გაქრა" - რას ყვება ექიმი, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულებს ოზონოთერაპიით მკურნალობს?

საქართველოში ახალი კორონავირუსის დასამარცხებლად უკვე დანერგილ მკურნალობას შესაძლოა მალე ახალი მეთოდი, ოზონოთერაპია დაემატოს, რომელიც ბათუმში, კლინიკა "მედალფაში" უკვე გამოიყენეს.  ოზონოთერაპიის დახმარებით, ვირუსი 4-მა პაციენტმა დაამარცხა. საყურადღებოა, რომ Covid-19 პაციენტებში მე-7 და მე-9 დღეს გაქრა, მაშინ როდესაც ჩვეულებრივ განკურნებას 15-18 და ზოგჯერ მეტი დღეც სჭირდება. მკურნალობას სათავეში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში ბავშვთა ქირურგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი და საქართველოს ოზონოთერაპევტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ლადო თალაკვაძე უდგას, რომელიც kvirispalitra.ge-ს ოზონოთერაპიასა და მის შედეგებზე ესაუბრა:

- ოზონოთერაპია პირველად გერმანელმა მეცნიერებმა გამოიყენეს. მკურნალობის ახალი მეთოდის დანერგვის შემდეგ, მცირე დროით ოზონოთერაპია მედიცინაში დაიკარგა და ბოლო 20 წელია ისევ გამოვიდა ასპარეზზე. საქართველოში ოზონოთერაპიას 1989 წლიდან ვიყენებთ. 90-იანი წლების ბოლოს, ოზონის დახმარებით, ზედაპირული ჭრილობების დამუშავება და გამორეცვხა დავიწყეთ, 2009-10 წლებიდან კი უკვე სერიოზულად მოვკიდეთ ხელი მედიცინის ამ მიმართულებას, რაც დღემდე გრძელდება.

პროცედურა სხვადასხვანაირად მიმდინარეობს, ის დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სჭირს პაციენტს და რა ასაკის არის. ამის მიხედვით დგინდება კონცენტრაციაც, განვსაზღვრავთ, თუ რა რაოდენობის ოზონი უნდა მოხვდეს პაციენტის ორგანიზმში.

ოზონს ანტივირუსული და ანტიბაქტერიული მოქმედება ახასიათებს, ამიტომ ვიფიქრეთ, რომ ეს Covid-19-ზეც გვეცადა, დავიწყეთ და უკვე გაამართლა. ოზონოთერაპიის ბევრი მეთოდი არსებობს, მაგრამ Covid-19-თან ბრძოლისთვის ინტრავენურ გადასხმას ვიყენებთ.

- ბათუმის კლინიკა "მედალფას" გარდა, თუ გამოიყენეთ ეს მეთოდი სხვა რომელიმე კლინიკაში?

- ჯერჯერობით არა, თუმცა ოთხშაბათიდან უკვე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასა და ინფექციურ საავადმყოფოში დავიწყებთ ოზონოთერაპიით პაციენტების მკურნალობას.

- როგორც ცნობილია, 4 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, მოგვიყევით მათზე...

- გამოჯანმრთელებული პაციენტები მკურნალობის დაწყებამდე სხვადასხვა მახასიათებლით ავარჩიეთ, ახლა მათი კლინიკური მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ერთი პაციენტი იყო მსუბუქი, ვირუსი ჰქონდა, მაგრამ პნევმონია - არა, დანარჩენ 3 პაციენტთან იყო პნევმონია.

იმ პაციენტთან, ვისაც ვირუსი ჰქონდა, მაგრამ პნევმონია არა, ოზონოთერაპიით მკურნალობის შემდეგ არ განვითარებულა პნევმონია, რადგან დროულად დაისვა დიაგნოზი. იმ პაციენტებს, რომლებსაც ტემპერატურა ჰქონდათ, ეს სიმპტომი მოეხსნათ, ასევე მათ ანალიზებში ყველა მაჩვენებელი ნორმას დაუბრუნდა. პაციენტები, რომლებიც ჟანგბადზე იყვნენ დამოკიდებულები, ახლა დამოუკიდებლად სუნთქავენ, მათი თირკმლის ფუნქციებიც გაუმჯობესებულია. უკვე გაკეთდა კატე კვლევები და პაციენტებს, რომლებსაც პნევმონია ჰქონდათ, დადებითი დინამიკა აღენიშნათ. ეს ყველაფერი მანიშნებელია იმის, რომ აღნიშნული მეთოდი დადებითად მოქმედებს ვირუსის წინააღმდეგ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ Covid-19 პაციენტებში მე-7 და მე-9 დღეს გაქრა, მაშინ როდესაც ჩვეულებრივ განკურნებას 15-18 და ზოგჯერ მეტი დღეც სჭირდება.

როგორც იცით, ოზონოთერაპია არსებულ მკურნალობასთან ერთად გამოიყენება. ახლა კლინიკაში კიდევ რამდენიმე პაციენტს ვმკურნალობთ.

- როგორც ცნობილია, ოზონოთერაპიით მკურნალობას რიგ ქვეყნებში უკვე მიმართავენ, მაგრამ ამერიკის რამდენიმე შტატში ეს მეთოდი აკრძალულია...

- ჩემთვის არსებული ინფორმაციით, იტალიაში, ესპანეთში, ჩინეთსა და ინგლისში ოზონოთერაპიით მკურნალობენ Covid-19-ით დაავადებულ პაციენტებს. ამერიკის რამდენიმე შტატში ოზონოთერაპია აკრძალულია და ეს აკრძალვა Covid-19-ის გავრცელებამდე დაწესდა, თუმცა სხვა შტატებში ჩვეულებრივად იყენებენ ამ მეთოდს.

აკრძალვის მიზეზი, ფარმაცევტული ბიზნესია, რომელიც აქტიურად ებრძვის ოზონოთერაპიას, რადგან ეს არის ბუნებრივი მკურნალობის მეთოდი. აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ პრობლემის წინაშე არ დგას, ჩვენ ფარმაცევტულ ბიზნესს არ ვებრძვით, პირიქით, მათთან თანამშრომლობას ვგეგმავთ, რადგან ფარმაკოლოგებთან საერთო ენის გამონახვა სასურველი შედეგის მიღწევაში უფრო დაგვეხმარება. ჯერ ოზონოთერაპია საქართველოში არც ისე პოპულარულია, თუმცა რაღაც დროის შემდეგ, ეს აუცილებლად შეიცვლება. ახლა კმაყოფილი ვარ არსებული დინამიკით და ახლო მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებას ველოდებით.

იხილეთ ასევე: "იმედი მაქვს, რომ ეს ვირუსიც სეზონური აღმოჩნდება და ზაფხულში შესუსტდება" - რას ჰყვება ინფექციონისტი Covid 19-ის მკურნალობის მეთოდებზე?

(სპეციალურად საიტისთვის)