გაამართლებს კორონავირუსთან ბრძოლის "შვედური მოდელი" - რას ჰყვება შვედეთში მცხოვრები ქართველი?
გაამართლებს კორონავირუსთან ბრძოლის "შვედური მოდელი" - რას ჰყვება შვედეთში მცხოვრები ქართველი?
ფოტო:ნატა დოლიძე
"შვედური მოდელის" საიდუმლო

29 აპრილს ჯანდაცვის მსოფ­ლიო ორგანიზაციის გადაუდებელი პროგრამების დირექტორმა მაიკლ რაიანმა განაცხადა, შვედეთი, რომელმაც უარი თქვა ქვეყანაში საწარმო-დაწესებულებების დახურვასა და მკაცრ კარანტინზე, მოდელად უნდა იქცეს სხვა ქვეყნებისთვისო. მისი თქმით, ეს სკანდინავიური ქვეყანა­ ახალი კორონავირუსის გავრცელების დასაწყისშივე სწორად მოიქცა­ და ჯანდაცვის სისტემებისა და სექტორის მომზადებაზე ინტენსიურად­ ზრუნავდა. "შვედეთმა­ ჩამოაყალიბა­ სოციალური დისტანცირების ძალიან­ ძლიერი საზოგადოებრივი პოლიტიკა, იზრუნა ხალხის დაცვის გრძელვადიან პოლიტიკაზე. შვედეთი ძალიან ენდობა მოქალაქეებს და მათ სურვილს, თავად იზრუნონ
ფიზიკური დისტანცირების დაცვაზე", - განაცხადა რაიანმა,­ თუმცა ჯერჯერობით დაზუსტებით იმის თქმა, რომ შვედეთის მოდელმა გაამართლა, ძნელია, მით უფრო კოვიდინფექციით გამოწვეული სიკვდ­ილიანობის მაღალი პროცენტის გამო (10%-ს მიაღწია). თუმცა ექსპერტთა ნაწილის აზრით, იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც მკაცრი­ შეზღუდვების გაუქმება ახლა უნდა დაიწყონ, შვედური გამოცდილება შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს.

ცნობისთვის:
შვედეთის მოსახ­ლეობა­ - 9 858 794. კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა­ დაფიქსირდა 31 იანვარს. 1-ლი მაისის­ მონაცემებით, ქვეყანაში დაინფიცირებულია 21 540 კაცი; 2653 გარდაიცვალა; სულ ჩატარდა 119 500 ტესტი. შვედეთში კორონავირუსის გავრცელების გამო საწარმო-დაწესებულებები მასობრივად არ დახურულა, მუშაობენ სკოლებიც.­ შვედეთის მთავრობის თქმით, მათი სტრატეგია მოსახლეობის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზეა ორიენტირებული.


შვედეთის "გამყრელიძე"

ანდერს ტეგნელი

შვედეთის მთავარი ეპიდემიოლოგი ანდერს ტეგნელი შვედეთის უახლეს ისტო­რიაში და საზოგადოდ, მსოფლიოში,­ ალბათ, ყველაზე პოპულარული ადამიანია.­ პანდ­ემიისადმი მისეული მიდგომა­ მსოფლიოს განხილვის თემად იქცა. სამშობლოში­ 64 წლის სახელმწიფო მოხელეს, რომელსაც საზოგადოებრივ ჯანდაცვაში მუშაობის 30-წლიანი სტაჟი აქვს, ბევრი აკრიტიკებს,­ თუმცა უფრო მეტი აქებს. მაგალითად, მისი სტრატეგიის წინააღმდეგ შედგენილ პეტიციას 2000-ზე მეტმა შვედმა მეცნიერმა მოაწერა ხელი, პარალელურად კი შეიქმნა ტეგნელის ფანკლუბი, რომელშიც რამდენიმე­ დღეში 100 000-ზე მეტი შვედი გაერთიანდა.


ქვეყანაში პირბადეებზე გაცილებით დიდი სისწრაფით იყიდება მაისურები და კეპები მისი გამოსახულებით, შვედურ მედიაში მეტად პოპულარული გახდა ბიჭი, რომელმაც მთავარი ეპიდემიოლოგის გამოსახულება მკლავზე ამოისვირინგა.

"მე ვგრძნობ შვედი საზოგადოების ნდობას და ეს მნიშვნელოვანია", - განაცხადა ანდერს ტეგნელმა ერთ-ერთ ინტერვიუში, როდესაც მისი სტრატეგიის შესახებ კრიტიკულ დამოკიდებულებაზე ჰკითხეს.
ბიჭი, რომელმაც შვედეთის მთავარი ეპიდემიოლოგის სახე ამოისვირინგა

"შვედები ხუმრობენ, ხალხი ჩვენთან თმის შესაჭრელად ჩამოდის სხვა ქვეყნებიდანო"

ნატა დოლიძე უკვე რამდენიმე წელია შვედეთში ცხოვრობს და მუშაობს. ის პროფესიით ფსიქოლოგია, ყოველდღე უწევს­ რამდენიმე პაციენტის მიღება და ამბობს, რომ ამ მხრივ მის ყოფაში ბევრი არაფერი­ შეცვლილა, თუმცა რამდენიმე თვით ადრე დაგეგმილ კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა უკვე დისტანციურად უწევს, რადგან შვედეთის მოქალაქეებმა თავი უნდა შეიკავონ შორ მანძილზე მგზავრობისგან.

- თავდაპირველად ჩემთვის დიდი მოულოდნელობა იყო შვედეთის ყველასგან განსხვავებული სტრატეგია. საქმე ის არის, რომ შვედები დიდად არ გამოირჩევიან ინდივიდუალიზმით, თუმცა პანდემიის დროს ასე არ მოხდა და ახლა უკვე მსოფლიოს განხილვის თემაა ე.წ. შვედური მოდელი.

- გაამართლა თუ არა ამ მოდელმა, ამაზე­ ლაპარაკი ნაადრევია, განსაკუთრებით თუ გარდაცვლილთა რიცხვს გავიხსენებთ...
- გეთანხმებით. თუმცა მთლად ისეც არ არის, როგორც ზოგს ჰგონია, რომ შეზღუდვები არ დაწესებულა. შვედეთიც განსხვავებულ რეჟიმში ცხოვრობს, თუმცა ჩვენთან შეზღუდვები გაცილებით ლიბერალურია.

ვირუსის ნელი ტემპით გავრცელებისთვის სტრატეგია სამი მიმართულებით განისაზღვრა: პირველი - ყველა ინდივიდის პასუხისმგებლობა ვირუსის გავრცელების შესაფერხებლად; მეორე - დაწესებულებების, ადგილობრივი ორგანოების პასუხისმგებლობა; და მესამე - დადგენილებები, რომელთაც აქვთ არა რეკომენდაციის სახე, არამედ პირდაპირ ზღუდავს საფრთხის შემცველ გარემოებებს.

რაც შეეხება პირველ ნაწილს, ანუ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას, ეს არის რეკომენდაციები, მაგალითად,­ ასეთი: სულ მცირე, უმნიშვნელო სიმპტომის მქონე პირიც­ კი უნდა დარჩეს შინ, უნდა დაიცვას დისტანცია როგორც შენობაში, ასევე გარეთ, აარიდოს თავი თავყრილობებს, წვეულებებს, ეცადოს არ იმგზავროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით­ პიკის საათებში. შვედები უაღრესად კანონმორჩილები არიან, შესაბამისად, ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით ასრულებენ. სოციალური კონტაქტებისგან თავის არიდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია­ 70 წელზე ზემოთ პირებისთვის. ამ რეკომენდაციების საფუძველზე მიეცა­ დაწესებულებებს მითითებები, როგორ უნდა მოეხდინათ გარემოს ადაპტაცია, მაგ­ალითად, რიგში დასადგომი ადგილების მონიშვნა იატაკზე, სამუშაო შეხვედრების ფორმის შეცვლა დიგიტალური შეხვედრებით და ა.შ. რაც შეეხება მესამე დონეს, არა მარტო რეკომენდაციის საფუძველზე მიმდინარეობს კონტროლი ვირუსის გავრცელების შესაფერხებლად, არამედ ის კანონითაც განისაზღვრება.

12 მარტს შეიზღუდა 500-ზე მეტი პირის შეკრება, 29 მარტიდან კი ეს შეზღუდვა გამკაცრდა და რაოდენობა 50 კაცით განისაზღვრა. უმაღლესი სასწავლებლები,­ მოზრდილთა საგანმანათლებლო ცენტრები და გიმნაზიები (3-წლიანი სასწავლო სისტემა 9-წლიანი საფეხურის შემდეგ) მთლიანად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. ცვლილებები არ შეხებია საბავშვო ბაღებსა და სკოლის მოსწავლეებს მე-9 კლასის­ ჩათვლით. 1-ლი აპრილიდან აიკრძალა მოხუცთა თავშესაფრებში მნახველების მიღება. შეზღუდვები დაუწესდათ რესტორნებსა და კვების ობიექტებს, კერძოდ, მითითებები მიმართულია სტუმრებს შორის ფიზიკური დისტანციის დაცვაზე.

- როგორ ხსნის ხელისუფლება კორონავირუსთან ბრძოლის არჩეულ სტრატეგიას?
- თავდაპირველად ითქვა, რომ ამგვარი ლიბერალური მიდგომებით კოლექტიური იმუნიტეტი გამომუშავდებოდა, თუმცა­ დღეს ამაზე უფრო ნაკლებს ლაპარაკობენ, შესაძლოა იმიტომ, რომ ინფ­ექციის გავრცელების მასშტაბი ნაკლებად იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ უახლოეს მომავალში ამგვარი იმუნიტეტი გამომუშავდება, ანუ ამისთვის უფრო მასშტაბური გავრცელებაა საჭირო. როგორც მთავარი ეპიდემიოლოგი­ ტეგნელი ამბობს, ამ სტრატეგიის მიზანი არ არის იმუნიტეტის გამომუშავება, მაგრამ კოლექტიური იმუნიტეტი ერთადერთი გზაა ვირუსის შესაჩერებლად.

შვედეთში ინფექციის გავრცელება რეგიონების მიხედვით სხვადასხვაგვარია. შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა მოდის დედაქალაქ სტოკჰოლმზე. ჩვენს რეგიონში, რომელიც ქვეყნის სამხრეთის მდებარეობს და დანიას ესაზღვრება, ვირუსი მასშტაბურად ჯერ არ გავრცელებულა.

ის, რომ მიუხედავად ნაკლები შეზღუდვებისა, ქვეყანაში კორონავირუსი ფართოდ არ გავრცელებულა, ნაწილობრივ აიხსნება შვედეთის მოქალაქეების ცხოვრების წესით, რაც სამხერთული ქვეყნებისას არ ჰგავს. აქ ურთიერთობები კორონავირუსამდეც გაცილებით დისტანციური იყო. მოგეხსენებათ, აქ რამდენიმე თაობა ერთ ოჯახად არ ცხოვრობს. ხანში შესული ხალხი ან დამოუკიდებლად ცხოვრობს, ან მოხუცთა სახლებში, რომლებიც, სამწუხაროდ, ვერ დაიცვეს ინფექციისგან და სიკვდილის ამ მაღალ მაჩვენებელში მნიშვნელოვანი წილი სწორედ ამ სახლების ბინადრებზე მოდის.

- როგორ ხდება ტესტი­რ­ება და რამდენად მასობრივია?
- ტესტირება უტარ­დებათ­ იმ პირებს, რომლებსაც აქვთ გამოკვეთილი სიმპტომები, და სამედიცინო­ პერსონალს. ჯერჯერობით ეს მასობრივი არ არის. მეტიც, რეკომენდაციაა, რომ არ გავიკეთოთ ტესტი. ამბობენ, რომ მასობრივი ტესტირება უფრო სარისკოა და ამას ასე ხსნიან - თუ აღმოჩნდა, რომ ადამიანს გადატანილი აქვს ვირუსი, შესაძლოა დამშვიდდეს და აღარ მიჰყვეს რეკომენდაციებს, ანუ შეიძლება მცირე სიმპტომებით იაროს სამსახურში, შეხვდეს ხალხს... არადა, ჯერ არ არის ცნობილი, ხელახლა დაინფიცირებისგან დაზღვეული ხარ თუ არა.

- ხომ არ შეიქმნა თქვენთანაც სადეზინფექციო საშუალებებისა და პირბადეების დეფიციტი?
- სიმართლე გითხრათ, რაც ეს პანდ­ემია დაიწყო, ჩემს ქალაქში სულ სამი პირბადიანი კაცი ვნახე, სტოკჰოლმში ბოლო ხანს არ ვყოფილვარ, მაგრამ სატელევიზო კადრებში როგორც ჩანს, არც იქ იყენებენ დიდად. თავდაპირველად სადეზინფექციო საშუალებების დეფიციტი იყო, მაგრამ მას მერე, რაც კერძო სექტორი, მათ შორის ცნობილი შვედური­ არყის - "აბსოლუტის" ქარხანა ჩაერთო სამედიცინო სპირტის წარმოებაში, დეფიციტი აღარ არის. რადგან აქ ყველაფერი გახსნილია, შვედები ხუმრობენ, ხალხი თმის შესაჭრელად და მანიკიურის გასაკეთებლად ჩამოდის სხვა ქვეყნებიდანო. ხუმრობა იქით იყოს და, როგორც ამბობენ, წვეულებების მოსაწყობად დანიიდან ხალხი შვედეთში მართლაც ჩამოდის.

ვადევნებ საქართველოში მიმდინარე პროცესებსაც თვალს და როგორც მანდ, აქაც კარგა ხანია ველით პიკს. ახლა ამბობენ, რომ ჩვენს რეგიონში მაისის ბოლოს იქნება. ვნახოთ... იმედია, გაამართლებს ეს შვედური მიდგომა. ჯერჯერობით ნორმალური ვითარებაა, სამედიცინო სისტემაც უძლებს, რადგან მსუბუქი სიმპტომების მქონე მოქალაქეები შინ მკურნალობენ. გარდა ამისა, როგორც ამბობენ, დიდმა ნაწილმა შეიძლება ისე გადაიტანა ვირუსი, ვერც გაიგო.


ნათია გიორგაძე
შორენა
06 მაისი 2020 09:39
რა საყვარელი გოგო ხარ ნატა, საუკეთესო იყავი საქართველოში ცხოვრებისასაც და ვატყობ, შვედებისთვისაც მისაბაძი ადამიანი ხარ
05 მაისი 2020 12:37
10 პროცენტია სიკვდილიანობა,იმუნიტეტი 3000 გარდაცვლილის ხარჯზე გამარტლება არ აქვს.
05 მაისი 2020 04:44
იქნებ ვინმემ წააკითხოთ ეს ინტერვიუ ჩვენ ტვინს გახურებულ ოპოზიციას. ნეტა მეტად ლმობიერი შეზღუდვები გვქონდეს მაგრამ, ჩვენთან სანამ ადამიანი არ დაეცემა ისე არ მიდის ექიმთან რომ სხვისი დაინფიცირება გამოირიცხოს(გვქონდა ამის ბევრი მაგალითი, 40 სიცხიანები გასვენებებში და ქელეხებში რომ დადიოდნენ). ასე რომ ყველა ქვეყანამ თავის ქცევის კოდექსი უნდა გამოიმუშაოს და აზრი არ აქვს ერთმანეთის მიბაძვას.

პ.ს. 2000 კაცის გარდაცვალებას თუ წარმატებად უთვლიან, მაშინ ჩვენები საერთოდ წმენდანებად ყოფილან შესარაცხები

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?