"აქ ჩვენ გვაქვს საკუთარი სახლები და მიწა, განა ეს ცოტაა?" - რას წერს ბი-ბი-სი საქართველოში სომხებისა და აზერბაიჯანელების თანაცხოვრებაზე - კვირის პალიტრა

"აქ ჩვენ გვაქვს საკუთარი სახლები და მიწა, განა ეს ცოტაა?" - რას წერს ბი-ბი-სი საქართველოში სომხებისა და აზერბაიჯანელების თანაცხოვრებაზე

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის ბი-ბი-სის რუსულმა სამსახურმა გამოაქვეყნა სტატია სათაურით "მოდი, ერთმანეთს პატივი ვცეთ": როგორ ცხოვრობენ გვერდიგვერდ სომხები და აზერბაიჯანელები საქართველოში". ვრცელ პუბლიკაციაში გადმოცემულია სომხებისა და აზერბაიჯანელების მშვიდობიანი თანაცხოვრება საქართველოს სოფლებში - ხოჯორნსა და წოფში და ეს იმ დროს, როცა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მთიანი ყარაბაღის გამო, სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს (ავტორი - ნინა ახმეტელი).

-------------- "სომხეთ-აზერბაიჯანის ომში მათი კავკასიური საერთო მეზობელი - საქართველო ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს. ქვეყნის მოსახლეობის მეათედს ეთნიკური სომხები და აზერბაიჯანელები შეადგენენ, ბევრი მათგანი მრავალი თაობის განმავლობაში ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანად ცხოვრობს. ოფიციალური თბილისი კი, თავის მხრივ, ცდილობს, კონფლიქტის მხარეებს შორის ბალანსი დაიცვას.

ხოჯორნი: "ერთად ვცხოვრობთ, მაგრამ ომზე არ ვსაუბრობთ"

"ხოჯორნი საქართველოს სამხრეთ ნაწილში, სომხეთის საზღვართან მდებარეობს, თბილისიდან ორი საათის სავალზე. გარეგნულად სოფელი სხვა ქართული სოფლებისგან არაფრით განსხვავდება. მის ცენტრში ორი საბჭოთადროინდელი შენობაა შემონახული - ყოფილი კლუბი და ბიბლიოთეკა. მესერზე წინასაარჩევნო პლაკატებია გაკრული, უმეტესად მმართველი პარტიის - "ქართული ოცნების" კანდიდატებით. ყოფილ კლუბთან, "ბირჟაზე" რამდენიმე ადამიანი შეკრებილა და ნარდს თამაშობს. აქ თანასოფლელები საყოფაცხოვრებო პრობლემებზე მსჯელობენ და ომის თემას გვერდს უვლიან, რაც შერეულ, აზერბაიჯანულ-სომხურ სოფელში დაუწერელ კანონს წარმოადგენს.

62 წლის სომეხი ზავენ აშოტიანი თავდაპირველად უკმაყოფილოა ჟურნალისტების სოფელში მისვლით - ვაითუ რომელიმე თანასოფლელმა ემოციურად რაიმე შეუფერებელი თქვას და ამით სოფლის მშვიდი ცხოვრება დაირღვესო, შემდეგ იგი მაინც პასუხობს კითხვებს და იწყებს იმის მოყოლას, თუ როგორ მეგობრულად ცხოვრობენ სომხები და აზერბაიჯანელები ხოჯორნში: "ერთმანეთთან კარგად ვართ, ერთმანეთის ჭირსა და ლხინს ვიზიარებთ, ქორწილებშიც დავდივართ და ქელეხებშიც. ვცდილობთ, თავი ავარიდოთ მთიან ყარაბაღზე ლაპარაკს", - ამბობს ზავენი, რომელიც ხოჯორნში დაიბადა და გაიზარდა. ამჟამად ზავენი მარნეულის მუნიციპალიტეტში მუშაობს, მანამდე კი, საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, იგი სოფლის ხელმძღვანელი იყო. "მხოლოდ ერთი ინციდენტი მახსოვს, რომელიც 1980-იან წლებში მოხდა სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის. იმ დღესვე თბილისიდან ცეკას მეორე მდივანი და შინაგან საქმეთა მინისტრი ჩამოვიდნენ, მოსახლეობას შეხვდნენ და საკითხი ამოიწურა. მას შემდეგ მსგავსი არაფერი მომხდარა".

სკოლის მასწავლებელი, 64 წლის აზერბაიჯანელი ჰუსეინ აბდურახმანოვი განათლების სფეროში 40 წელია, მუშაობს. მან კარგად იცის სომხური ენა, ორივე ეროვნების ბავშვებს ასწავლის. "ჩვენ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან", - ღიმილით ამბობს ჰუსეინი და მისი ნათქვამის დასტურად, სკოლიდან ერთად მოდიან სომეხი და აზერბაიჯანელი ეროვნების პედაგოგები, რომლებიც მშვიდად, საქმიანად საუბრობენ.

სამწუხაროდ, მათ ბი-ბი-სის ჟურნალისტთან გასაუბრება არ ისურვეს. ამის მიზეზი ის არის, რომ შიშობენ - შესაძლოა, მათი ნათქვამი სომხეთსა და აზერბაიჯანში არასწორად გაიგონ, ანდა ვაითუ, უფრო უარესი მოხდეს - ომის ფონზე მათი მშვიდობიანი თანაცხოვრება თანამემამულეების მიერ დაგმობილი იქნეს...

წოფი: "ჩვენ ომის გამო ტკივილს განვიცდით"

იმ დროს, როცა ხოჯორნის მოსახლეობის უმრავლესობა სომხებია, მეზობელ წოფში აზერბაიჯანელები უფრო მეტნი არიან. სოფელში მისვლისას თვალში გეცემათ ახალი, დიდი სახლები, მაგრამ, როგორც ამბობენ, მათი მფლობელები უცხო ქვეყნებში არიან დასაქმებულები, თვით სოფელში კი სამუშაო არ არის. წოფელები ნოსტალგიით იხსენებენ საბჭოთა პერიოდს, როცა ადგილობრივი მარმარილოს კარიერი მუშაობდა და ყველას შემოსავალი ჰქონდა. ადრე წოფი მრავალეროვნული დასახლება იყო, ერთად ცხოვრობდნენ ქართველები, ბერძნები, რუსები, სომხები, აზერბაიჯანელები... "ახლა, ძირითადად, ჩვენ, სომხები და აზერბაიჯანელები დავრჩით. ერთმანეთთან კარგად ვართ, ეროვნების მიხედვით არავის ვარჩევთ", - ამბობს სევილ ნაჯაბოვა და მომავალს იმედიანად უყურებს: სოფელში გზა გაიყვანეს, მიმდინარეობს გაზიფიცირების პროცესი, შენდება ახალი სკოლა, სადაც სომეხი და აზერბაიჯანელი ბავშვები ერთად ისწავლიან.

არსენ ახვერდიანი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ამბობს: "მე აზერბაიჯანელებთან ერთად ვცხოვრობ, ჩვენი წინაპრებიც ერთად იყვნენ. გვინდა, რომ ჩვენმა მომავალმა თაობამაც ერთად იცხოვრონ. მე ამ რაიონის დეპუტატად ორივე ეროვნების ხალხმა ამირჩია, ყველასთან თავისუფლად დავდივარ, ჩემთვის არანაირი განსხვავება არ არის".

რა თქმა უნდა, წოფელი სომხების უმრავლესობას სომხეთში ნათესავები ჰყავს, თვითონ არსენ ახვერდიანსაც: "ჩვენ დიდ ტკივილს განვიცდით ამ ომის გამო. თუ შეიარაღებული შეტაკება გაგრძელდება, მისი შედეგები კიდევ უფრო მეტად შეგვეხება, ყველას ახლობლები გვყავს როგორც სომხეთში, ისე - აზერბაიჯანში", - ამბობს არსენ ახვერდიანი.

სოციალური ქსელები: "ფეიკები", პროტესტები და მოხალისეები

მართალია, შერეული მოსახლეობის მქონე სოფლებში აზერბაიჯანელები და სომხები მშვიდად თანაცხოვრობენ და თავს არიდებენ ომზე ლაპარაკს, მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვით სოციალურ ქსელებზე, სადაც სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს ერთმანეთთან გააფთრებული ბრძოლა აქვთ. ეთნიკური აზერბაიჯანელებით და სომხებით დასახლებულ რეგიონებში (და თბილისშიც) ხშირად იმართება აქციები, ორივე მხრიდან გაისმის ომში წასვლის მზადყოფნის შეძახილები. მაგალითად, სომხებით დასახლებულ სამცხე-ჯავახეთში ჩატარდა საპროტესტო გამოსვლები, სადაც მოსახლეობამ თურქეთთან გზების ჩაკეტვა მოითხოვა - მათი თქმით, თურქეთი აზერბაიჯანს იარაღით ამარაგებს. ისმის, აგრეთვე, "ცხელთავიანების" მოწოდებები მოხალისეებად ჩაწერისა და ფრონტზე წასვლის შესახებ...

რადგან დეზინფორმაცია ბევრი ვრცელდება - მაგალითად, საჰაერო გზით, საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით, იარაღის გადატანის თაობაზე, ასევე - სირიელი დაქირავებულების შესახებ, შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება და სომხეთის საელჩო თბილისში ცდილობენ, მოსახლეობას განუმარტონ ქვეყნის ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია, რომ მთავრობა მებრძოლი მხარეების მიმართ ნეიტრალიტეტს იცავს. ასევე, უარყოფილი იქნა სოციალური ქსელებში გავრცელებული "ფეიკები", თითქოსდა თბილისი ხელს უშლის და აბრკოლებს ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნას სომხეთში.

(პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების თვალსაზრისები კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პოზიციის შესახებ).

არსებობს თუ არა საქართველოში ეთნოსთა შორის კონფლიქტის საფრთხე?

როგორც საერთაშორისო საკითხების ექსპერტი გიორგი გობრონიძე ამბობს, არის ფაქტები, რომელიც ქართული მოსახლეობის გაღიზიანებას იწვევს (მაგალითად, სომხეთის პრემიერ-მინისტრის - ნიკოლ ფაშინიანის მიერ “ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოსურათს ჰქონდა სომხური წარწერა "ჯავახკი", რაც ქართულად იგივე ჯავახეთს ნიშნავს). ამგვარ რეაქციას გიორგი გობრონიძე "ჭიქაში ქარიშხალს" უწოდებს, რადგან, მისი თქმით, ოფიციალურად ერევანს არასდროს არ დაუჭერია მხარი სომხური სეპარატიზმისთვის საქართველოში: "ეს ქართველთა გადაჭარბებული შიშებია. როცა ჩვენ ადგილობრივ სომხებს ისე ვუყურებთ, როგორც სეპარატისტებს, ჩვენ ამით უკვე მათგან დისტანცირებას ვიწყებთ და ამით გაუცხოებას ვაღრმავებთ".

გიორგი გობრონიძის თქმით, საქართველოში ეთნიკურ კონფლიქტის საფრთხეზე ლაპარაკი ჯერ-ჯერობით არ არის, მაგრამ თუ ყარაბაღის გამო საომარი მოქმედებები გაგრძელდება, საქართველოში მცხოვრებ სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის განხეთქილება გაძლიერდება.

რუსეთის ფაქტორი და დესტაბილიზების საშიშროება

საქართველო რუსეთთან პრაქტიკულად ომის მდგომარეობაში იმყოფება და მოსკოვი, გიორგი გობრონიძის თქმით, საქართველოში დესტაბილიზაციით არის დაინტერესებული. ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსეთი, ტრადიციულად, ყოველთვის ცდილობდა სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ერთმანეთთან შეტაკებას, ამიტომ საქართველოს ხელისუფლება ფრთხილად უნდა იყოს.

საქართველოს მიერ გამოცხადებული ნეიტრალური პოზიცია ყველაზე ლოგიკურია, რადგან ომის სავარაუდო გაგრძელებით თბილისი წაგებული დარჩება, ისევე - როგორც მთელი რეგიონი. საქართველოს ხელისუფლებამ, ეკლესიამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკვე წამოაყენა სამშვიდობო წინადადებები, თუმცა მათ, სამწუხაროდ, სასურველი შედეგი არ მოჰყოლია.

"მშვიდად ვიცხოვროთ და ერთმანეთს პატივი ვცეთ"

საქართველოს სომხურ-აზერბაიჯანულ სოფლებშიც მოსახლეობა შიშობს, რომ თუ კონფლიქტი გაგრძელდება, ომის ცეცხლი მათაც მიუახლოვდებათ. ამიტომ მათ არ სურთ, რომ კონფლიქტმა საქართველოში გადაინაცვლოს.

"რასაკვირველია, ძალიან გული გვტკივა, ამ ყველაფერს რომ ვუყურებთ. დაპირისპირება არავის  სურს. მე ყოველთვის ვამბობ, რომ არ არსებობს ცუდი ხალხი, არიან მხოლოდ ადამიანები, რომლებიც მშვიდად ძილს გვიფრთხობენ", - ამბობს ჰუსეინ აბდურახმანოვი, - "მე მასწავლებელი ვარ, სკოლაში ვმუშაობ. ჩემი მოვალეობაა, ბავშვები აღვზარდო და მათ ცხოვრების სწორი გზა ვაჩვენო. ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც კარი ყველა ხალხის, ყველა ერის წარმომადგენლისთვის ღიაა - რელიგიური რწმენის, რასის და პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად. თითოეულს შეუძლია მუშაობა, გვაქვს საკუთარი სახლები და მიწა. განა ეს ცოტაა? მაშ, მოდი, მშვიდად ვიცხოვროთ და ერთმანეთს პატივი ვცეთ". (წყარო)

იხილეთ ასევე: რატომ "აბრალებენ" საქართველოს ყარაბაღის ომში დაქირავებული მებრძოლების გატარებას და კონტროლის რა მექანიზმებია ოფიციალური თბილისის ხელში

მოამზადა სიმონ კილაძემ