"რომ გადაუხვიო, მაგალითად, სოლოლაკის რაიონში, საშინელებათა ფილმში მოხვდები! ვაიმე, ეს რა ვნახე..." - რას წერს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისზე?
"რომ გადაუხვიო, მაგალითად, სოლოლაკის რაიონში, საშინელებათა ფილმში მოხვდები! ვაიმე, ეს რა ვნახე..." - რას წერს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისზე?
"თბილისელები ხიდის გამო ხუმრობენ - მიხეილ სააკაშვილმა ფრთიანი "ოლვეისი" დაგვიტოვაო... მერწმუნეთ, მსგავსება მართლაც საოცარია"

აზერბაიჯანულმა გამოცემამ «Эхо» სტატია გამოაქვეყნა საქართველოს დედაქალაქზე, სათაურით: "ნუ იჩქარებთ ბაქოს ძაგებას და თბილისის ქებას"

"ბოლო დროს აზერბაიჯანელები, როცა საკუთარ ქვეყანას მეზობელ საქართველოს ადარებენ, პირდაპირ კრიტიკაზე გადადიან და ნეგატიურ შეფასებებს არ იშურებენ - ჩვენთან, ბაქოში, ყველაფერი ცუდი და ულამაზოა, თბილისი კი ბრწყინავსო. თავდაპირველად იწყებენ საზღვრით - ჩვენი მესაზღვრეები უხეშები არიან, პატივს არ გცემენ, ქართველები კი პირდაპირ
თვალებში შემოგციცინებენ, საზღვარზე ხუთ წუთში გადადიხარო. გზები ხომ უმაღლესი დონისაა, პოლიციელები ქრთამს არ იღებენ, ყველგან სისუფთავეა, თბილისში ყველა გიღიმის, ხელისუფლება ზრუნავს ქალაქის ისტორიული სახის შენარჩუნებაზეო... მოკლედ, სამოთხეაო, რა... ჰოდა, მე თვითონ გადავწყვიტე ამ ყველაფრის შემოწმება", - წერს სტატიის ავტორი ოქსანა ბულანოვა, რომელიც საქართველოს ეწვია და
თბილისი მოინახულა.

"თბილისში უკანასკნელად ათი წლის წინ ვიყავი, 2007 წელს. იმ დროს ქალაქმა ჩემზე მეტ-ნაკლებად სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა. ნეტავ ახლა როგორია სამოთხედ აღიარებული საქართველოს დედაქალაქი? ჰოდა, მეც გადავწყვიტე მისი მონახულება.

ჩვენი მატარებელი "ბაქო-თბილისი" აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე გაჩერდა. შინაგანად ვიძაბები - აი, ახლა ჩვენი მშობლიური მესაზღვრეები შეგვამოწმებენ, დიდხანს მოგვაცდევინებენ, მაგრამ არა უშავს, მოვითმენ, სამაგიეროდ ქართველი მესაზღვრეები უცებ გაგვიშვებენ. თუმცა არა, პასპორტები ვაჩვენეთ, კომპიუტერებში შეამოწმეს, მებაჟეებიც სწრაფად მორჩნენ თავიანთ საქმეს და მატარებელი მკაცრად გრაფიკის მიხედვით - 45 წუთში დაიძრა საზღვრის ქართული საკონტროლო პუნქტისაკენ. ქართულ საზღვარზე კი ორი საათი გვალოდინეს. არანაირი კომპიუტერები იქ არ აქვთ, ყველაფერი ისეა, როგორც ათი წლის წინ იყო. საბაჟოზეც მაინცდამაინც დიდი ყურადღება არ გამოუჩენიათ, უკანონოდ რაიმე რომ გადამეტანა, ვერავინ შეამჩნევდა...

თბილისის რკინიგზის სადგური. ერიჰაა... როგორიც იყო ათი (ან 20-30) წლის წინათ, იგივე დარჩენილა - ჭუჭყიანი, არეულ-დარეული... ვაგზლის წინ - მათხოვრები და ბომჟები.
სისუფთავე მხოლოდ ბილეთების დარბაზში და პერონზე შეინიშნება. და უცებ - ჰოი, საკვირველებავ! - თანამედროვე სუპერმარკეტებს ხედავთ - თითქოსდა 90-იანი წლებიდან დროის მანქანით მოგზაურობ! სამწუხაროდ, დროის მანქანის შეგრძნებას განსაკუთრებით მიწისქვეშა გადასასვლელებით სარგებლობისას ამჩნევ - სუპერმოუწყობელი, სპეციფიკური "არომატით", სიბინძურით, კედლებზე "სასიამოვნო" წარწერებით, ბუზებით...
და ისევ დროის მანქანით მეტროში: სხვათა შორის ეს ერთადერთი ადგილია, სადაც დასახელება ლათინური ასოებითაა მოცემული, თორემ ისე ქალაქში ვერ მიხვდები - კაფეში შედიხარ თუ ფოტოატელიეში, ან ოფისში. როგორც ჩანს, თბილისის მეტრო გახსნის დღიდან - 1966 წლიდან არ გარემონტებულა. ცუდი განათება, ჭუჭყიანი კედლები, გაშავებული ჭერი და ნათურები გუნება-განწყობას გაგიფუჭებთ. არადა, ასეთ არაკომფორტულ პირობებში მგზავრობაც რომ ძვირია? 50 თეთრი!

რაც შეეხება ძველი თბილისის უბნებს: ცენტრი და ის ადგილები, რომლებსაც ხელისუფლება უცხოელი ტურისტებისთვის ინახავს, მოვლილი და ლამაზია, ვერაფერს იტყვი. ჰოდა, ტურისტებიც ფოტოაპარატებს აჩხაკუნებენ და ნასიამოვნები დადიან. ფაქტია, რომ თბილისში ბევრი ძველი შენობა და ევროპული არქიტექტურის ნიმუშებია შემონახული, ბაქოს ვერ შეადარებ. თბილისში ევროპული შენობების აგება ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისში გადაწყვიტეს. მიდიხარ რუსთაველის გამზირზე და გგონია, რომ სანკტ-პეტერბურგში ხარ - ფართოდ გაშლილი ქუჩა და ორივე მხარეს ერმიტაჟის მსგავსი შენობები! ძალიან ლამაზია! მაგრამ ცოტა გვერდზე რომ გაუხვიო, ტურისტულ მარშრუტებს გასცდე, მაგალითად, სოლოლაკის რაიონში, ისეთ საშინელებათა ფილმების სცენებში მოხვდები, რომ ჰიჩკოკი მიმიქარავს! ვაიმე, ეს რა ვნახე... დანგრეული და ნახევრად დანგრეული ფასადები, ბათქაშაცვენილი კედლები, სადაც "შიგნეული" ჩანს - ძველი აგური. მიღრეცილ-დაბრეცილი კარები, სარკმელები და რაც ყველაზე საშინელია - ბოძებშეყენებული აივნები, სახლის კედლები, რომლებიც წასაქცევად არიან განწირული..."

რასაკვირველია, მხედველობაშია მისაღები, რომ თბილისს ცოტა ფული აქვს, ბაქოს კი შედარებით მეტი. მაგრამ რაც გაქვს, ის ხომ გააზრებულად უნდა გამოიყენო? რატომ რეალიზდება გაუგებარი და უცნაური პროექტები? რას წარმოადგენს ის ორი გიგანტური მილი, რომელიც რიყეზეა გაწოლილი? ვერ გაიგებ, მუზეუმია თუ თეატრი... ფული თუ ხიდისთვის გამოინახა, ძველმა უბნებმა რა დააშავა? სხვათა შორის, ის მინის ხიდიც საკმაოდ ნეგატიურად მოჩანს თბილისის პეიზაჟში - ისევე როგორც სხვა "თანამედროვე", მაგრამ უშნო მინა-ბეტონის ცათამბჯენები. თბილისელები ხიდის გამო ხუმრობენ - მიხეილ სააკაშვილმა ფრთიანი "ოლვეისი" დაგვიტოვაო... მერწმუნეთ, მსგავსება მართლაც საოცარია.

თბილისში, ბაქოსთან შედარებით, ხალხი უფრო თავისუფლად, უფრო გაღიმებული დადის. მაგრამ ეს თავისუფლება ზოგჯერ შოკში გაგდებს, როცა უყურებ, როგორ კოცნაობენ საჯაროდ ახალგაზრდები, როგორ გამომწვევად არიან ჩაცმულნი... ქალები კი უსაშველოდ ეწევიან, თანაც ყველგან - ქუჩაში, შენობებში, შეხვედრებზე... ვის როგორ, მაგრამ ჩემი აზრით, ქართველ ქალებს თამბაქო ძალიან შეჰყვარებიათ".

მოკლედ, ვრცელ სტატიაში ავტორი კიდევ ბევრ პოზიტიურ თუ ნეგატიურ მომენტზე ამახვილებს ყურადღებას, მაგალითად, მომსახურების დაბალ დონეზე, უხამსობაზე და ა.შ.


"ყველაფრის მიუხედავად, თბილისი მაინც ლამაზი ქალაქია. აუცილებლად უნდა წახვიდე და დაათვალიერო. იქაური ნანგრევიც კი ათასწლეულების მომსწრეა. თუმცა საწყენია, რომ ბაქოელები საკუთარს არ აფასებენ და სხვისას აქებენ. ჩვენ პატრიოტობას ვივიწყებთ, რომლითაც ქართველებს ვერ შევედრებით", - წერს ავტორი სტატიის დასასრულს. (წყარო)

იხილეთ ასევე: "სექსუალურ რევოლუციას საქართველომდე არ ჩაუღწევია" - რას წერს პოლონელ-ქართველი მოგზაური ჩვენს ქვეყანაზე

თარგმნა სიმონ კილაძემ
მკითხველის კომენტარი (46)
თაკო
05 ივლისი 2018 11:00
აზერბაიჯანელი ჟურნალისტისგან სხვა შეფასებას არც ველოდი,ღვარძლიანები
კაკო
24 მაისი 2018 10:23
რუსებს გამოთქმა აქვთ ,,ღორი ტალახს ეძებსო,, მართალია რასაც წერს, მაგრამ წერს რუსული ღვარძლით [გამიგებენ ვინც რუსებს ახლოს იცნობს] და ამიტომ ნუ გვეწყინება...
მირიან
23 მაისი 2018 20:05
აშკარად დაკვეთითაა დაწერილი,ტყუილიც ბევრი ურევია
fsf
23 მაისი 2018 19:22
ხოდა არავინ არ ეპატიჯება ატას უცხოელ გარყვნილს და უზრდელს თბილისში, დარჩნენ თავის ქვეყნებსა და ქალაქებში.
აკაკი
23 მაისი 2018 19:15
ისე სამასი ათასი თუ უფრო მეტი აზერბაიჯანელი, რომ უბატონოდ და საკმაოდ შეძლებულად ცხოვრობს საქართველოში ეს არაფერია?,ხოლო სულ ახლახანს მიტაცებულ საინგილოში ქართველებს ლოცვას რომ უკრძალავენ და ჯვარს აცვავენ ეს არაფერია მაგ სპეციალურად გამოგზავნილი ბულანოვასთვის.მაგენს მგონი ნავთობი აგიჟებთ და ჭკუას მოეგონ.
ნინია
23 მაისი 2018 17:56
ვფიქრობ ავკარგიანად აფასებს ქლაქის მდგომარეობას, ვისაც არ სჯერა, გაიაროს ავლაბრის ქუჩებში, სამების მიმდებარედ თუნდაც. შენობები ინგრევა, იმიტომ რომ ჩამპალი, დენიკინისდროინდელი წყალგაყვანილობიდან და კანალიზაციიდან ჩაჟონილი წყალი საძირკველს აცლის სახლებს და ერთმანეთზე იმიტომ არის მიყუდებული ეს შენობები, ლოთი კაცებივით.
კლკ
01 იანვარი 2018 13:04
ევროპის ნებისმიერი სოფელი ჯობს თბილისს. ჯერ მარტო სამგორს რომ გახედავ, ჩერნობილი გეგონება. მტვრიანი და ჭუჭყიანი ქალაქია. ვისაც ცხვირი არ გაუყვია საქართველოს გარეთ, ეგეთს კი მოეწონება. ამდენ ტრაბახს, ჯობს კრიტიკის მოსმენა ისწავლოთ. პაკაზუხებო
24 ოქტომბერი 2017 14:58
რას იზავ ყველას მოსაწონი ვერ იქნები
ეეეეეეეეეეეჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ
24 ოქტომბერი 2017 14:16
რაც არის,იმას ამბობს! იმაზე მადლობა ვთქვათ,რომ სასწაულად გარყვნილია ქალთა მოდგმა!
კატო
24 ოქტომბერი 2017 09:33
თბილისამდე ბაქოს გარეუბნები გენახა!

რუბრიკის სხვა სიახლეები
სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს განწყობას, რაც უფრო დადებითია იგი, მით უფრო კარგად შესწევს ორგანიზმს ვირუსთან ბროძლის უნარი. როგორია თქვენი განწყობა დღეს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს განწყობას, რაც უფრო დადებითია იგი, მით უფრო კარგად შესწევს ორგანიზმს ვირუსთან ბროძლის უნარი. როგორია თქვენი განწყობა დღეს?
დღის კითხვადი სტატიები