"ნუთუ საქართველოდან დეპორტაცია რასობრივი ნიშნით ხდება?" - როგორ ჩაუშხამდა ინდოელ ოჯახს შვებულება საქართველოში - კვირის პალიტრა

"ნუთუ საქართველოდან დეპორტაცია რასობრივი ნიშნით ხდება?" - როგორ ჩაუშხამდა ინდოელ ოჯახს შვებულება საქართველოში

ბოლო ხანს ინდური პრესა საქართველოს თაობაზე საკმაოდ ხშირად წერს, პუბლიკაციების უმეტესობა ეძღვნება ინდოეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვარზე შექმნილ პრობლემებს. ამჯერად  სტატია გამოქვეყნდა «Mumbai Mirror»-სი, რომლის ავტორი სატიშ ნანდკარგარია. მასში მოთხრობილია ერთი ოჯახის თავგადასავალი და საქართველოს საზღვართან ლამის ჩაშლილი შვებულება. გთავაზობთ სტატიას:

"როცა მუმბაელმა ბიზნესმენმა და მისმა ოჯახმა გასულ თვეში,  შვებულების გატარება თურქეთში, საქართველოსა და იტალიაში გადაწყვიტა, ითვალისწინებდნენ, რომ ამ მოგზაურობისას ზოგიერთი რამ დაუგეგმავად  მოხდებოდა, მაგრამ დეპორტაციას ნამდვილად არ ელოდნენ.

მოიზ რაჯკოტვალა, მისი ცოლი ნაფისა და გოგონები - საკენა და ზაჰაბია იტალიაში მიდიოდნენ და გადაწყვიტეს მცირე ხნით საქართველოშიც შეევლოთ და 12 ოქტომბერს ოჯახური დღესასწაული აღენიშნათ, მაგრამ ვინ დააცადათ... ისინი თბილისის აეროპორტში 36-საათი აყურყუტეს და შემდეგ ყველა საქართველოდან (დეპორტაციით) გამოაძევეს იმის მიუხედავად, რომ მათ ხელთ ჰქონდათ მოქმედი ელექტრონული ვიზა.

როგორც 55 წლის მოიზ რაჯკოტვალამ «Mumbai Mirror»-ის ჟურნალისტს განუცხადა, დუბაიში მცხოვრებმა მისმა დამ თბილისში ოჯახურ-ნათესაური შეხვედრა დაგეგმა, მიიწვია დაახლოებით ასამდე სტუმარი, სასტუმროშიც ნომერი რამდენიმე დღით დაუჯავშნა. "ჩვენ ძალიან გვინდოდა თბილისის სილამაზით დავმტკბარიყავით", - ამბობს მოიზ რაჯკოტვალა, - "შემდეგ კი რომში წავიდოდით, შენგენის ვიზა წინასწარ გვქონდა აღებული".

როცა ინდოეთის მოქალაქის ოჯახი 11 ოქტომბერს სტამბოლიდან თბილისში ჩაფრინდა, უკვე დილის 4 საათი იქნებოდა. მათ საიმიგრაციო სამსახურთან მოცდა სთხოვეს.

"ჩვენ ელექტრონული ვიზა ნიუ დელში არსებულ საქართველოს საელჩოში ავიღეთ. აეროპორტში საიმიგრაციო სამსახურის ჩინოვნიკებმა ყველა დოკუმენტი შეამოწმეს - პასპორტები, ავიაბილეთები, სასტუმროს ჯავშანი, ტურისტული დაზღვევა... ყველაფერი წესრიგში გვქონდა. შემდეგ შეგვეკითხნენ, გვქონდა თუ არა ამერიკული ვიზები. ვუთხარით, რომ ორს გვაქვს-თქო. ნახევარი საათის შემდეგ გვითხრეს, რომ ჩვენ საქართველოში შესვლა გვეკრძალებოდა და ისევ მუმბაიში უნდა დავბრუნებულიყავით. საერთოდ არანაირი მიზეზი არ დაუსახელებიათ. როცა დაბეჯითებით მოვითხოვეთ აეხსნათ, თუ რაში იყო საქმე, გამოგვიცხადეს, რომ თქვენს სახელზე თბილისის არცერთ სასტუმროში ნომერი დაჯავშნული არ არისო. მათ უარი გვითხრეს სასტუმროში დარეკვაზე, არ მოგვცეს ჩემს დასთან დაკავშირების უფლებაც, რომელმაც ნომრები დაგვიჯავშნა. ბოლოს გვითხრეს, რომ თქვენ იმიტომ გაბრუნებთ უკან, რომ თბილისში საცხოვრებლად საკმარისი ფული არ გაქვთო. არადა, მე თან მქონდა 1500 ევრო ნაღდი ფულის სახით, ხოლო ჩემი საკრედიტო ბილეთით შემეძლო ბანკიდან 20 ათასი ევროს გამომეტანა... მაგრამ რად გინდა, ისინი ჩემს ნათქვამს ყურადღებას არ აქცევდნენ. სხვათა შორის, იმავე დღეს თბილისიდან უკან დააბრუნეს ჩემი ბიძაშვილი იდრის რაჯკოტვალაც, რომელიც დუბაიდან, ოჯახურ დღესასწაულში მონაწილეობისთვის, ჩამოფრინდა".

მოიზ რაჯკოტვალამ აღნიშნა, რომ იგი და მისი ოჯახის წევრები ემუდარებოდნენ ქართველ ჩინოვნიკებს, რომ რომში მაინც გაეშვათ, სადაც მათ სასტუმრო ჰქონდათ დაჯავშნული რამდენიმე დღით, მაგრამ მათ მკაცრად განაცხადეს, რომ "დეპორტაციის კანონის თანახმად, თქვენ იმ საწყის პუნქტში უნდა დაბრუნდეთ, საიდანაც ჩამოვედით და რომ ჩვენ თითქოსდა სტამბოლშიც კი არ გვქონდა გამგზავრების უფლება... მოკლედ, ჩვენი რომაული არდადეგები აბსოლუტურად ჩაიშალა. გარდა ამისა, მატერიალური ზარალიც მივიღეთ - თბილისში ჩასვლა-წამოსვლა მთელ ოჯახს საკმაოდ ძვირი დაგვიჯდა".

მუმბაიში დაბრუნებული რაჯკოტვალები იძულებულნი გახდნენ ახალი ბილეთები შეეძინათ რომში წასასვლელად. "როგორც მოგვიანებით გავიგეთ, ამერიკული ვიზის მფლობელებს საქართველოში თავისუფლად უშვებენო. თუ ეს მართლაც ასეა, რატომ არ შეგვიშვეს? საქართველოში განა დეპორტაცია რასობრივი ნიშნით ხდება?" - აღშფოთებული ამბობს მოიზ რაჯკოტვალა «Mumbai Mirror»-ის ჟურნალისტთან საუბარში.

სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ, როცა ინდოეთის მოქალაქეებს თბილისიდან უაპელაციოდ დეპორტაციით აძევებენ. გასულ თვეში ასევე გამოაძევეს სტუდენტი-მედიკოსი ჰარი გოვინდი და მისი მეუღლე, უფრო ადრე კი, ივლისში, მუმბაელი სარეკლამო საქმის პროფესიონალი ჰუშბუ ქოჩალი, რომელმაც თბილისის აეროპორტში მრავალი საათი გაატარა.

ჩვენი გაზეთი რამდენჯერმე შეეცადა ინდოეთში საქართველოს ელჩთან არჩილ ძულიაშვილთან დაკავშირებას კომენტარისათვის, ნიუ დელში, მაგრამ მას "ტელეფონი ან გამორთული ჰქონდა, ან გასული იყო მომსახურების ზონიდან"(წყარო).

მოამზადა სიმონ კილაძემ