რუსეთი ოკუპანტია !
"თავისი ოჯახის ქალებს დაუძახა, ჩემ წინ ჩაამწკრივა ყველა: აირჩიე რომელიც გინდა და გაერთე, ეს ჩემი საჩუქარიაო"
12-03-2019
"თავისი ოჯახის ქალებს დაუძახა, ჩემ წინ ჩაამწკრივა ყველა: აირჩიე რომელიც გინდა და გაერთე, ეს ჩემი საჩუქარიაო"
შეურაცხყოფილი ბელადის და ქართველი ექიმის უცნაური ამბავი

(ნამდვილი ამბავი)

ბატონი ბიძინა სამოცდაათს მიღწეული ექიმია, რომელსაც საოცარი იუმორის გრძნობა აქვს და სხვა დროსაც გამომიყენებია ჩემს მასალებში მის მიერ მოთხრობილი კურიოზები. ახლა ერთ-ერთ შორეულ წარსულს იხსენებს:

"გავედი ეზოში და ურიკაზე შესმული ის ქალები დამხვდნენ"


- სამედიცინო ინსტიტუტი მოსკოვში დავამთავრე და ისე შევეჩვიე "კაი ცხოვრებას", სიკვდილივით არ მინდოდა ჩემს პატარა სოფელში დაბრუნება. არადა, არც მოსკოვში დამტოვებდა ვინმე, თუ ერთ მაცდურ წინადადებაზე არ დავთანხმდებოდი:
ორი წლით აფრიკის რომელიღაც განუვითარებელ სახელმწიფოში უნდა წავსულიყავი სამუშაოდ და იქაურ მოსახლეობას გავრცელებული ეპიდემიების დამარცხებაში დავხმარებოდი. საბჭოთა კავშირის მთავრობას ჰქონდა აღებული ასეთი ვალდებულება მსოფლიო სამედიცინო საზოგადოების წინაშე.
ვინც ერთხელ გაბრიყვდებოდა და წავიდოდა, ისეთ პირობებში უხდებოდა მუშაობა, მეორედ საკმაოდ მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდაც არ თანხმდებოდა მივლინებას. ძალიანაც არ
მინდოდა, მაგრამ სხვა გზა მართლა არ მქონდა. ცოლი ახალი შერთული მყავდა, უკვე ფეხმძიმედ იყო და მის წაყვანას ვერ გავრისკავდი. ჩემი მეუღლე რუსია. იმ იმედით გამიშვა, რომ იქიდან დაბრუნებულს, მოსკოვში სამუშაოსაც მომცემდნენ და მუდმივ საცხოვრებლად თუნდაც, ერთ ოთახს, საერთო საცხოვრებელში...

მოკლედ, დავტოვე ექვსი თვის ფეხმძიმე ცოლი და გავემგზავრე. იქ ადგილობრივი ექიმები დაგვხვდნენ, მაგრამ მალე მივხვდი, რომ ჩვენს სანიტრებსაც კი ბევრად მეტი ესმოდათ მედიცინის, ვიდრე იმათ. როგორც ღმერთებს, ისე გვიცქერდნენ. აღარ იცოდნენ, რით ესიამოვნებინათ ჩვენთვის...

ყველაფერი დიდი ხის გობებით მოჰქონდათ და თუ საერთო გობიდან ჭამის უფლებას მოგვცემდნენ, დიდ პატივად ითვლებოდა. ხშირად ველურ ტომებშიც გვიხდებოდა გასვლა. ისინი ღია ცის ქვეშ, ტყეებში ცხოვრობდნენ. ერთხელაც, ასეთ ადგილზე მოგვიხდა გასვლა:

იმ ტომის ბელადის უფროსი ვაჟი იყო ცუდად. რომ გავსინჯე, მაშინვე მივხვდი, აპენდიცინტი ჰქონდა გახეთქილი. სიცხისგან იწვოდა და ბოდავდა. ისე ცუდად იყო, რომ ადგილზევე გადავწყვიტე ოპერაციის გაკეთება. თარჯიმნობას იქაური კოლეგა მიწევდა და იმან გამაფრთხილა: თუ დარწმუნებული არ ხარ, რომ მოარჩენ, არ მოჰკიდო ხელი, თორემ შეიძლება, შენ დაგაბრალონ მისი სიკვდილი და მოგკლანო.
- გადაეცი, რომ ოპერაციის გარეშე ყველა შემთხვევაში მოკვდება და თავად გადაწყვიტონ მისი ბედი-მეთქი. ოპერაციის "ნება დამრთეს"... ჩემდა საბედნიეროდ, გადარჩა ის ბიჭი და ერთხელაც, მისმა ოჯახმა კაცი გამოაგზავნა: გვინდა, ჩვენი საპატიო სტუმარი იყოსო...

მათი ზეიმი უფრო რელიგიურ რიტუალს ჰგავდა: თავიანთ კერპებს სცეს თაყვანი და მსხვერპლთშეწირვა მოაწყვეს - ხარის მსგავსი უზარმაზარი ცხოველები დაკლეს და იმათი ცხელი სისხლი დალიეს. მე პირველ რიგში მომაწოდეს. თარჯიმანს ვათქმევინე, რომ ასეთი რამ ჩემი ქვეყნის ტრადიციის მიხედვით ცოდვად ითვლებოდა და შემეშვნენ. ჭამითაც არაფერი მიჭამია, რადგან მომზადებისას არაფერს რეცხავდნენ, სიბინძურის შეგრძნება მკლავდა. არც მათ საკონცერტო პროგრამას მოვუხიბლივარ დიდად - დახტოდნენ და გაჰკიოდნენ.

რამდენიმესაათიანი ტანჯვის შემდეგ, გავბედე და წამოსასვლელად გამოვიწიე. წამოდგა ბელადი და თავისი ოჯახის ქალებს დაუძახა, ჩემ წინ ჩაამწკრივა ყველა - დაწყებული ბებერი და უკბილო დედამისით, ცოლითა და ქალიშვილებით დამთავრებული: აირჩიე რომელიც გინდა და რამდენიც გინდა, გაერთე, ეს ჩემი საჩუქარიაო...

ის-ის იყო, უარის თქმა დავაპირე აღშფოთებულმა, რომ იქაურმა კოლეგამ შემაჩერა: უარის თქმა ოჯახის შეურაცხყოფად ითვლება და შეიძლება, ყველანი ჩაგვხოცონ, ერთი ქალი მაინც რომ არ შეიყვანო საპატიო სტუმრის კარავშიო...

ჩემი თეთრი ფითქინა ცოლის პატრონს, იმ შავ უნიფხვოდ მოსიარულე ქალებთან რა დამაწვენდა და გადავირიე, მაგრამ სიკვდილიც არ მინდოდა და ისევ ეშმაკობა მოვიფიქრე - ვითომ შემთხვევით, წვეტიან ქვას დავადგი ფეხი და გავიჭერი. კოლეგებს ვათქმევინე, რომ სასწრაფოდ, საავადმყოფოში გადაყვანა იყო საჭირო ფეხის დასამუშავებლად. მეორე დღეს დამიკაკუნა კარზე მომსახურე პერსონალმა და მითხრა, რომ საჩუქარი გამომიგზავნეს. გავედი ეზოში და ურიკაზე შესმული ის ქალები დამხვდნენ, წინადღით რომ მთავაზობდა მათი ბელადი...

გავგიჟდი ლამის კაცი და ვთხოვე, ის ქალები თავიანთ სოფელში გაეცილებინათ და მათი ბელადისთვის გაფრთხილება მიეცათ, რომ უცხოელებისთვის მსგავსი რამ არ გაებედა. ამ ამბავს ახლა კი ვიხსენებ როგორც კურიოზს, მაგრამ მაშინ მაგარი შიში ვჭამე და კარგა ხანს მეშინოდა, რომ იმ ტომის კაცები "შეურაცხყოფას" არ მაპატიებდნენ და მომკლავდნენ, რადგან მათ ქალებზე უარი ვთქვი...


ინგა ჯაყელი
ჟურნალი "გზა"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?