ქართველი მინისტრი, რომელსაც ბირთვული ომის დაწყება შეეძლო - ექსკლუზივი
ქართველი მინისტრი, რომელსაც ბირთვული ომის დაწყება შეეძლო - ექსკლუზივი
ფოტო:პაატა ზაქარეიშვილი
იძულებითი საბჭოთა ოფიცერი, რომელსაც შეეძლო ნახევარი თურქეთი­ "ბირთვულ ზამთარში" მოექცია, დამოუკიდებელ საქართველოში კონფლიქტების მომრიგებლად, სამხედრო ტყვეების გამომყვანად, დაღუპულთა ნეშტების გადმომსვენებლად და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ახლობლების იმედად იქცა...

2019 წლის დამდეგი იმითაც შევა ისტორიაში, რომ მთელ მსოფლიოსა და უპირველესად კი ევროპაში ახალი "ცივი ომის" საშიში სიმპტომები გამოჩნდა - ჯერ ამერიკელებმა გადაწყვიტეს 30-წლიანი სარაკეტო ხელშეკრულებიდან გასვლა, ხოლო მარტის დამდეგს რუსეთი გავიდა საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულებიდან.

ახალი თაობისთვის შეიძლება არაფრისმთქმელია ეს
ყველაფერი, მაგრამ უფროსი თაობა თითქმის ნახევარი საუკუნე ამერიკული ბირთვული რაკეტების სამიზნე იყო, რადგან საბჭოთა საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებული საბჭოთა ბირთვულქობინიანი რაკეტები ასევე ემუქრებოდნენ ნატოს წევრ თურქეთსა და ახლო აღმოსავლეთს.

საგარეჯოში დისლოცირებულ გომბორის სარაკეტო ბრიგადაზე, რომლის შეიარაღებაშიც ჩვენი თანამემამულის, ალექსანდრე ნადირაძის შექმნილი "ტემპ-ს" ტიპის 12 მობილური სარაკეტო
დანადგარი ირიცხებოდა (ამ ბირთვულქობინიანი რაკეტის მოქმედების მაქსიმალური რადიუსი თითქმის 900 კმ-ს აღწევდა), არაერთხელ დაგვიწერია. თუმცა ჩვენი მკითხველისთვის შეიძლება უცნობი იყოს კიდევ ერთ ბირთვული თავდასხმის ობიექტზე, რომელიც ასევე საქართველოში, კერძოდ, ქვემო ქართლში, დაბა შაუმიანში (ყოფილ შულავერში) იყო განთავსებული.
პაატა ზაქარეიშვილი
ლაპარაკია ამიერკავკასიის სამხედრო ოლქს დაქვემდებარებულ 90-ე სარაკეტო ბრიგადაზე, რომლის შეიარაღებაში იყო "ელბრუსის" ტიპის 18 თვითმავალი სარაკეტო დანადგარი, რომლებსაც დასავლეთში "სკადებს" ეძახდნენ. მართალია, "ელბრუს-სკადი" ტაქტიკურ-ტექნიკური შესაძლებლობებით სამჯერ მაინც ჩამოუვარდებოდა ნადირაძის "ტემპ-ს"-ს და მხოლოდ 300 კმ-მდე მიფრინავდა, მაგრამ ამ მანძილზე 500 კილოტონა ტროტილის ეკვივალენტი სიმძლავრის ბირთვული ქობინის გადატანა შეეძლო, რაც ჰიროსიმაში ჩამოგდებულ პირველ ამერიკულ ატომურ ბომბზე 25-ჯერ მძლავრი გახლდათ.

ერთ დროს საიდუმლო შაუმიანის სარაკეტო ბრიგადაზე ინფორმაციის მოპოვებაზე უფრო საინტერესო იმის გარკვევა აღმოჩნდა, რომ თურმე ბირთვულქობინიანი "სკადების" თურქეთზე დამმიზნებელ-გამშვები საბჭოთა ოფიცერი შემდგომ საქართველოს მთავრობის მინისტრი გახდა.

ქართველი საზოგადოება პაატა ზაქარეიშვილს იცნობს როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საქართველოს სახელმწიფო მინისტრს 2012-2016 წლებში. მისი უშუალო მონაწილეობით 1992 წლიდან 3 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე გამოვიდა კონფლიქტების ზონებიდან, 300-მდე მებრძოლის ნეშტი გადმოასვენეს, გაიცვალა 200-მდე სამხედრო ტყვე (ამ სტატიის ავტორი 1992 წლის შემოდგომაზე, გაგრის დაკარგვის შემდგომ, გუდაუთაში ორჯერ ჩაფრინდა პაატა ზაქარეიშვილსა და გია ბარამიძესთან ერთად ქართველი ტყვეების გამოსაყვანად). ასე რომ, სამშვიდობო მისიებით ცნობილი ქართველი პოლიტოლოგი თურმე თავის დროზე ნატოზე სარაკეტო დარტყმისა და მესამე ბირთვული ომის დაწყებისთვის მზად იყო.
როდესაც დავინტერესდით, თუ როგორ აღმოჩნდა ბირთვული რაკეტების გათვლაში, პაატა ზაქარეიშვილმა მოკლედ გვიპასუხა, ფული არ მქონდა, რომ სამხედრო კომისარიატში მიმეცა და არ გავეწვიეო.

პაატა ზაქარეიშვილმა ყაზანის უნივერსიტეტი 1984 წელს დაამთავრა და თბილისში დაბრუნებული ოჯახს მოეკიდა, მაგრამ ორ წელში მთაწმინდის კომისარიატში სასწრაფოდ გამოიძახეს - ყაზანის უნივერსიტეტის სამხედრო კათედრაზე უნიკალური სპეციალობა - სარაკეტო დარტყმების მართვის სპეციალისტი - მიგიღია და საბჭოთა სარაკეტო ნაწილში ორი წლით ოფიცრად უნდა იმსახუროო. არც იმან გაჭრა, რომ მისი მეუღლე მეორე შვილს ელოდებოდა, არც იმის მტკიცებამ, ყაზანის უნივერსიტეტის სამხედრო კათედრის ლექციებზე ძირითადად მეძინა და ცოცხალი რაკეტა თვალითაც არ მინახავსო. პასუხად არაორაზროვნად მიანიშნეს, გადაიხადე და შენი საბუთები ყველაზე მიგდებულ თაროზე აღმოჩნდებაო. ბატონმა პაატამ ოჯახისთვის სახსრის მოკლებას ორწლიანი იძულებითი საბჭოთა ოფიცრობა და შაუმიანიდან ბირთვულქობინიანი "სკადების" ყარსისა და სარიყამიშისთვის დამიზნება "ამჯობინა".

ახალგამომცხვარ საბჭოთა ოფიცერს შაუმიანში მალევე შეასწავლეს სარაკეტო დარტყმების მართვა, ორჯერ თავისივე რაკეტებით ყაზახეთში,

კაპუსტინ-იარის ცნობილ პოლიგონზეც წაიყვანეს და "სკადიც" გააშვებინეს.
შაუმიანის სარაკეტო ბრიგადა სასწავლო განგაშის გამოცხადებისთანავე დისლოკაციის ადგილს ტოვებდა, მარნეულთან ახლოს ღამით მათთვის ვაზიანიდან ჩაჰქონდათ ბირთვული ქობინების მაკეტები, რომლებსაც რაკეტების თავში აყენებდნენ, რის შემდეგაც მობილური სარაკეტო დანადგარები სასტარტო პოზიციებზე გადიოდნენ.

1988 წელს პაატა ზაქარეიშვილი დაემშვიდობა საბჭოთა მერაკეტე ოფიცრის სამხრეებს და სასულიერო აკადემიაში ჩააბარა, რის შემდეგაც ერთ დროს ბირთვული ომის პოტენციური "გამჩაღებელი" საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემრიგებელი და თანასწორობის მოქადაგე გახდა.

მარკი
29 მარტი 2019 08:04
პატიოსანი რომაა იმიტომ არ დაიწყო ომი და მინისტრის პორტფელით დააჯილდოვეს.კიდევ კარგი გადავრჩით
მედეა
23 მარტი 2019 18:04
მეც პატივს ვცემ ბატონ პაატას და იმედი მაქვს კომფლიქტების მოგვარებაში დიდ წვლილს შეიტანს. ნატოდან თურქეთის გასვლა, ჩემი აზრით, ჩვენთვის წამგებიანი იქნება, რადგან ერდოღანს თვალი უჭირავს აჭარაზე . ნატო ამას არ დაანებებს, გარეთ გასული რას ჩაიდენს კაცმა არ იცის. შეერთებულ შტატებთან დაძაბული ურთიერთობა აქვს -ქურთების გამო,პირველ დარტყმას ალბათ ქურთებს მიაყენებს, თუ შერჩა და გაიმარჯვა(ღმერთმა ნუ ქნას) მაშინ მოიცლის ბათუმისთვის. ძალიან საშიშია ეს ყველაფერი.
მამუკა
20 მარტი 2019 09:42
პაატას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს,მაგრამ რაკეტის გაშვება თავის დროზე ხრუშოვს არ დაანებეს

როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები