რა რაკეტებს ესვრის "ჰამასი" ისრაელის ქალაქებს და რა არის ღაზის სექტორი
რა რაკეტებს ესვრის "ჰამასი" ისრაელის ქალაქებს და რა არის ღაზის სექტორი
ისრაელის არმია აცხადებს, რომ 20 მაისის დილით ავიაიერიშები მიიტანა და გაანადგურა ღაზის სექტორში, "ჰამასის" მეთაურების სახლებში განთავსებულ იარაღის საწყობი და სამხედრო ინფრასტრუქტურა. მედიკოსების თქმით, ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ქალაქ ხან იუნისში 4 ადამიანი დაშავდა.

ამასთან, დღეს დილით სარაკეტო სირენების ხმა გაისმა ისრაელის ქალაქ ბეერშევასა და ღაზას მოსაზღვრე რაიონებში. ჯერჯერობით დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

"ისრაელის მიერ ბოლო 11 დღეში განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად 230 პალესტინელი დაიღუპა", - ამის შესახებ
ინფორმაციას "ალ-ჯაზირა" ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 65 ბავშვი და 39 ქალია. დაშავებულთა რაოდენობა კი 1 700-ს აჭარბებს.

ისრაელის არმიაში კი აცხადებენ, რომ ღაზაში ტერორისტული ორგანიზაციების 160-მდე წევრი გაანადგურეს.

რა რაკეტებს ესვრის "ჰამასი" ისრაელის ქალაქებს

ღაზის სექტორში მოქმედი, საერთაშორისო ტერორისტულ
ორგანიზაციად აღიარებული "ჰამასის" სარაკეტო არსენალი, ძირითადად, ორი გზით ივსება - ფარულად იმპორტირებული (როგორც წესი, ირანიდან, გემებით შემოტანილი) და ადგილზე დამზადებული რაკეტების ხარჯზე.

თუკი წლების წინ ღაზის სექტორში კერძო საამქროები "ჰამასის" შეკვეთით კუსტარულად ამზადებდნენ "ქასამის" ტიპის უმართავ რაკეტებს (თავიდან მათი კორპუსისთვის იყენებდნენ საგზაო ნიშნების მილებს), ახლა იმპორტირებული მასალისგან უფრო ხარისხიან რაკეტებს ამზადებენ, რომელთა მოქმედების რადიუსი, გაბარიტების მიხედვით, რამდენიმე ათეული კმ-დან 100 კმ-მდე მერყეობს. გარდა ამისა, "ჰამასის" შეიარაღებაში გამოჩნდა 160 კმ-ზე მფრენი უმართავი რაკეტებიც, რომლებითაც პალესტინელებს ღაზის სექტორიდან ჰაიფას პორტის დაბომბვაც შეუძლიათ, რომ არაფერი ვთქვათ თელ-ავივზე, სადამდეც პირდაპირი ხაზით მხოლოდ 60 კმ-ია.

ამასთან, "ჰამასი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ მის შეიარაღებაში გამოჩნდა 250 კმ რადიუსის რაკეტებიც, რომლებიც ისრაელის ყველა წერტილს მისწვდება.
ისრაელის აგენტურული და საჰაერო დაზვერვა მუდმივად "ნადირობს" ღაზის სექტორში მოქმედი რაკეტების დამამზადებელი კუსტარული საამქროების გამოსავლენად და როგორც კი სიტუაცია იძაბება (როგორც ამჟამად), "წერტილოვანი" საჰაერო დარტყმებით ერთმანეთის მიყოლებით ანადგურებს მათ.

ამ საამქროებისგან განსხვავებით, "ჰამასის" რაკეტების გამშვები დანადგარები, ძირითადად, მობილურია, სატვირთო ავტომობილების ძარებზე დამონტაჟებული და სარაკეტო ზალპის შემდეგ ამ მანქანებს საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების ეზოებსა და ფარეხებში მალავენ, რითაც ადგილობრივ მოსახლეობას დიდ საფრთხეს უქმნიან, რადგან ისრაელის საჰაერო დაზვერვა მყისიერად პოულობს რაკეტების ზალპის ადგილს და საპასუხო ზუსტი დარტმა ერთი-ორი წუთის შემდეგ ხორციელდება.

რა არის ღაზის სექტორი

ღაზის სექტორის სტატუსი საბოლოოდ განსაზღვრული არ არის. დე იურე ის, იორდანის დასავლეთ სანაპიროსთან ერთად, ნაწილობრივ აღიარებული პალესტინის არაბული სახელმწიფოს ნაწილად ითვლება.
ღაზის სექტორის სიგრძე 40 კმ-ია, სიგანე - 6-12 კმ, საერთო ფართობი კი - 360 კვ.კმ.

2005 წელს ისრაელმა მთლიანად დატოვა ღაზის სექტორი, იქიდან გამოასახლა თავისი მოქალაქეები და გამოიყვანა საარმიო დანაყოფები, რის შემდეგაც ღაზის სექტორს ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით გამყოფი კედელი შემოარტყა. ამ ნაბიჯებმა შედეგი გამოიღო და, ფაქტობრივად, შეწყდა ტერორისტული თავდასხმები ამ სექტორში მცხოვრებ ებრაელებსა და იქ მოქმედ ისრაელის საარმიო პატრულზე, თუმცა ღაზის სექტორიდან სარაკეტო თავდასხმები კვლავ აქტუალურ თემად დარჩა.ღაზის სექტორი სამხრეთით ესაზღვრება ეგვიპტეს, სადაც ასევე აგებულია სასაზღვრო გამყოფი კედელი, ხოლო ღაზის სანაპირო ზოლს ისრაელის სანაპიროს დაცვა აკონტროლებს.


გიგა
20 მაისი 2021 15:09
სირცხვილი ! ქართული არმია 45 კმ-ს ვერ გაცდა. ჰამასის ტერორისტები 160 კმ-ზე ისვრიან ჭურვებს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები