"თბილისის წყალი" ისევ გაიყიდა?
20-08-2011
"კვირის პალიტრის" 18 ივლისის ნომერში"თბილისის წყალში" მიმდინარე"უცნაურ პროცესებზე" ვწერდით (http://www.kvirispalitra.ge/politic/8636-khelisuflebam-pirvelad-saprivatizacio-dokumentebs-kheli-7-noembers-moatsera-kholo-prezidentma-postidan-gadadgomis-tsin-amave-tslis-23-noembers-qthbilisis-tsylisq-gaskhviseba-daasrula.html). დღეს განვაგრძობთ თემას, მხოლოდ შეგახსენებთ, რომ წინა სტატიაში მოთხრობილი ფაქტებით კარგად ჩანს, რომ "მულტიპლექს ენერჯი ლიმიტედი" მხოლოდ ერთი მიზნით შეიქმნა - სახელმწიფო ობიექტების ხელში ჩასაგდებად. ამ ეჭვს აძლიერებს"მულტიპლექს ენერჯი ლიმიტედისთვის" ქართული აქტივების გადასაცემად შექმნილი გარემოებები.

ქონების გასაყიდად მზადება 2007 წელს კანონის შეცვლით დაიწყო. ჯერ იყო და, კანონი შეცვალეს და დაუშვეს სახელმწიფო წყალსადენისა და საკანალიზაციო მეურნეობის სისტემის პრივატიზების შესაძლებლობა, მოგვიანებით კი,
კომპანიის შესყიდვაზე ტენდერიც გამოაცხადეს.
"თბილისის წყალი" გამოუცდელმა და ყველაზე სუსტი პირობების მქონე კომპანიამ იყიდა. პრეზიდენტმა მყიდველს ხელშეკრულებაში ტარიფებიც განუსაზღვრა და თან განკარგულებაც დაურთო, რომლის თანახმად, წყლის ტარიფი ყოველ წელს ეტაპობრივად გაიზრდება. ამ ხელშეკრულების თანახმად, 2018 წელს წყლის ღირებულება ერთ სულ მოსახლეზე 4 ლარი და 10
თეთრი უნდა გახდეს. ტარიფების ზრდის ტემპები ზუსტია, სამაგიეროდ, განკარგულებაში მითითებული 24-საათიანი წყალმომარაგების ნაცვლად მეტად სავალალო მდგომარეობა მივიღეთ.

თინა ხიდაშელი: "წყლის ტარიფი უკანონოდ გაზარდეს. ხელშეკრულების მეთერთმეტე მუხლში გარკვევით წერია, რომ 2011 წელს წყლის KvirisPalitra.Geგადასახადი 2,95 ლარი უნდა ყოფილიყო და არა ის თანხა, რასაც დედაქალაქის მოსახლეობა დღეს იხდის. იმავე მუხლის თანახმად, თბილისში წყლის გადასახადი 2012 წელსაც 2,95 ლარით უნდა განისაზღვროს, ხოლო 2014 წელს - 3,3 ლარით. დედაქალაქის მოსახლეობა წყალზე სულადობის მიხედვით გადასახადსაც უკანონოდ იხდის. უკანონოა მრიცხველის დამონტაჟებისთვის გადასახადის მოთხოვნაც. საქართველოს მთავრობა და თბილისის მერია ამ ხელშეკრულებას ასაიდუმლოებენ, რათა არ გამოაშკარავდეს მათი დანაშაული.
ხელშეკრულებაში ისიც ნათქვამია, რომ დადგენილი ტარიფების გადახედვა დასაშვებია ელექტროენერგიის ტარიფის ცვლილების შემთხვევაში, რომ მრიცხველის დამონტაჟებამ არ უნდა გამოიწვიოს მომხმარებელთა დამატებითი ხარჯები. გარდა ამისა, სემეკის დადგენილებაში გარკვევით წერია, რომ მრიცხველი ლიცენზიანტმა თავისი ხარჯით უნდა დააყენოს."

მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის, ირაკლი აბესაძის თქმით, თინა ხიდაშელის განცხადებები არც კანონმდებლობით და არც კომპანია"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან" გაფორმებული ხელშეკრულებით დასაბუთებული არ არის: "წყლის ტარიფმა მას შემდეგ მოიმატა, რაც კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომპანიას მიმართა. ხელშეკრულება კომპანიის კომერციული საიდუმლოებაა. მე კარგად ვიცნობ მას. ისეთი ჩანაწერი ხელშეკრულებაში, დღეს მოქმედ ტარიფს რომ ეწინააღმდეგებოდეს, არ არსებობს.

როგორც ვხედავთ, ხელშეკრულება, რომელიც ბატონ აბესაძეს ნანახი აქვს, თბილისის მოსახლეობისთვის"კომერციული საიდუმლოა".

თინა ხიდაშელი: "ყველაზე საინტერესო საიდუმლო ხელშეკრულებაა. მასში ცვლილებები, როგორც გვეუბნებიან, 2009 წლის ბოლოს შეიტანეს, მაგრამ რა შეცვალეს ისეთი, რომ მისი მოპოვება სასამართლოს ძალითაც ვერ მოვახერხეთ! არადა, ეს საჯარო დოკუმენტია. სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ამ დოკუმენტის ვითომდა არარსებობის გამო გვითხრა. სასამართლოს სხდომაზე კი წარმოდგენილი დოკუმენტების სიით გაირკვა, რომ ის არსებობს და ცვლილებები მასში 2009 წლის 22 ნოემბერს შევიდა.

სწორედ 2009 წლის ბოლოს იწყება გაუგებრობები, - აღარც გრაფიკზე იღებენ ხმას, არც არავინ არაფერს ცვლის, ტარიფი კი იზრდება.
განვითარებული მოვლენებით აშკარაა, რომ გარიგება დაიდო. გიგი უგულავამ "თბილისის წყლის" ბალანსზე არსებული ქონების გასხვისებით კარგად მოითბო ხელი. ამის შემდეგ "თბილისის წყალი" გაკოტრების პირას მივიდა და ჩანს, მოთხოვნა სასათბურე პირობების შექმნაზე დააკმაყოფილეს, - ვადები გადაუწიეს, მაქსიმალური თავისუფლება მიანიჭეს. ქალაქის მერმა ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხალხმა არაფერი იცოდა. მერე კი, როცა ტარიფმა მოიმატა, ვითომ ისტერიკა დაიმართა, ეს როგორ გაბედეს, რა ეშველება მოსახლეობასო, არადა, ერთი წლით ადრე თვითონ აქვს ამ ცვლილებებზე მოწერილი ხელი.  
რაც შეეხება ინვესტიციებს, ერთი წელია თბილისის მერიას წერილს წერილზე ვუგზავნი, სადაც ვთხოვ, მომაწოდოს ყველა ანგარიშის ქსეროასლი, მაგრამ ვერ ვეღირსე პასუხს."

ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ ყველაფერს მოსახლეობის საკეთილდღეოდ აკეთებს და კომპანიაც იმიტომ გაასხვისა, რომ ინვესტიციები მოიზიდოს, უკეთესი წყალი გვასვას და მომსახურების მაღალი სტანდარტები შექმნას. ალბათ, ყველას ახსოვს, რამდენიმე კვირის წინ 3 დღით უწყლოდ დარჩენილი თბილისი. ეს სტიქიას დაჰბრალდა, მაგრამ სანდო წყაროს ინფორმაციით სულ სხვა ამბავთან გვქონია საქმე. ჩვენი რესპონდენტის ვინაობას მისივე თხოვნით ვერ დავასახელებთ: "იმის გამო, რომ არაგვის ხეობაში საინჟინრო ნაგებობა არ არის (გამონაკლისია ნატახტარი), თბილისის წყალი უნიკალური, ქართველების მიერ გამოგონილი სისტემით მიეწოდებოდა შეუფერხებლად. ასეთ უნიკალურ რამეს მსოფლიოში ვერ ნახავთ. წყლის მოპოვება ჩვენში ძალიან კუსტარულად ხდებოდა და ხდება. ამიტომ, როცა წვიმდა და არაგვის წყალი იმღვრეოდა, ქალაქი მხოლოდ ნატახტრისა და ბულაჩაურის წყლის ამარა რჩებოდა. წვიმის დროს საგურამოც ითიშებოდა. საჭირო იყო განსაკუთრებული ღონისძიებები, რომ ქალაქს ნორმალური წყლით მომარაგება ჰქონოდა. ამიტომ დაიწყო საინფილტრაციო მოედნების, იმავე აუზების მშენებლობა. აუზებს ერთ-ერთი სამშენებლო ორგანიზაცია აშენებდა. რადგან  მშენებლობა და ექსპლუატაცია ძვირი ჯდებოდა, მაშინდელმა ხელმძღვანელმა ცარციძემ, ერთი ჭკვიანი კაცი წამოიყვანა სამშენებლო ორგანიზაციიდან და მან მთელი მექანიზმები გადმოიტანა "წყალკანალში". ერთი სიტყვით, ცალკე შტატი დაუშვეს აუზების მომსახურებისთვის. ამ კაცმა 4 წელიწადში სასწაული გააკეთა, ისე მოაწყო საინფილტრაციო მოედნები, რომ წყლის მიწოდება დედაქალაქს საათივით აეწყო. თუ წვიმა მოვიდოდა და არაგვის წყალი აიმღვრეოდა, მისი ჩაკეტვა პრობლემას აღარ ქმნიდა, რადგან სათადარიგო აუზებიდან მიეწოდებოდა წყალი მოსახლეობას.
აუზებს წელიწადში, მაქსიმუმ ორ წელიწადში ერთხელ გაწმენდა სჭირდება.  ამიტომ სპეციალური გრაფიკის მიხედვით აუზებს რიგრიგობით წმენდდნენ. რაც "თბილისის წყალი" "ჯორჯიან ვოთერ ენდ კომპანის" ჩაუგდეს ხელში, აუზები აღარ იწმინდება. ის კაციც გაუშვეს სამსახურიდან... წვიმა რომ მოვიდა, ამღვრეული არაგვი, რომელიც აქტიურ კალაპოტში მიედინება, ჩაიკეტა. გაუწმენდავი მოედნების გამტარუნარიანობა კი კატასტროფულად დაბალია და ამიტომაც მოხდა კოლაფსი.  თბილისს აღარ ეყო წყალი. ეს იყო სინამდვილე და არა ის ზღაპრები, რასაც მოჰყვნენ და უწყლობა სტიქიას დააბრალეს. ერთი თავსხმა წვიმა საკმარისია იმისათვის, რომ თბილისი ისევ უწყლოდ დარჩეს. თუ ესენი თბილისის წყლის მფლობელებად დარჩნენ, თბილისს მალე უწყლოდ დატოვებენ.

-"ჯორჯიან ვოთერ ენდ კომპანი" დროდადრო აქვეყნებს ინფორმაციას განხორციელებული ინვესტიციის შესახებ.
- ესეც მტკნარი სიცრუეა. ინვესტიცია ნიშნავს, რომ ინვესტორმა თავისი ფული უნდა დააბანდოს დარგის განვითარებაში იმისათვის, რომ გააუმჯობესოს მომსახურება. ესენი შემოსავლიდან იღებენ ფულს და იმას ხარჯავენ. საქმე ის არის, რომ საამორტიზაციო ანარიცხები ძირითად ფონდებს ერიცხება და ნაწილდება ორი მიმართულებით: ერთი ტექნიკის სრულ აღდგენაზე მიდის, 5% კი კაპიტალურ რემონტზე KvirisPalitra.Geიხარჯება. ყველა ნივთს აქვს საამორტიზაციო ვადა, ამ ნივთის ღირებულების 15% კი ყოველთვიურად ირიცხება მისი სრულად აღდგენის მიზნით. შეიძლება ნივთის ამორტიზაციის ანარიცხები სხვა ნივთს მოახმარო საჭიროების შემთხვევაში, მაგრამ იმასაც ხომ ასევე ერიცხება ანარიცხი, ამიტომ იმ მეორეს რომ მოაწესრიგებ და გააახალგაზრდავებ, მერე მისთვის განკუთვნილი ფული შეგიძლია სხვა ქსელზე გამოიყენო. ეს არის შენი წარმოების მიერ მოპოვებული ფული, რომელიც ჩადებულია ტარიფში და მას მოსახლეობა იხდის. იცით, ესენი რას აკეთებენ? ვთქვათ, ამორტიზაციის ხარჯია 8 მილიონი, აქედან ხარჯავენ, ვთქვათ, 6 მილიონს, 2-ს ჯიბეში იდებენ და ამას არქმევენ ინვესტიციას. დიდი ეჭვი მაქვს, რომ "თბილისის წყალს" მისი სრულად დაქცევის შემდეგ კომპანია გაყიდის. ახლა იქ შავ ფულს ათეთრებენ.  
რაიონებში რგოლები იყო, ე.წ. საყრდენი პუნქტები. ეს იყო შენობა, სადაც კოლექტივი მუშაობდა. ეს შენობა ცალკე წყალსადენს და ცალკე საკანალიზაციო სისტემას ემსახურებოდა. ამათ იქიდან ხალხი გამოყარეს, ყველა რაიონის მუშაკები ხუდადოვზე შეყარეს და საყრდენი პუნქტები გაყიდეს. წარმოიდგინეთ საავარიო სიტუაცია, ხუდადოვიდან რომ წავა მანქანა ზაჰესში, იმან რა ოპერატიულობა უნდა გამოიჩინოს ან ნახეთ რამხელა ხარჯებზეა ლაპარაკი, მანქანას საწვავი ხომ უნდა ამხელა გზაზე? გარდა ამისა, გააერთიანეს რაიონები. მაგალითად, ვაკე-საბურთალო. არადა, მხოლოდ ვაკის რაიონი კოჯორს, წყნეთს, კიკეთს, მთელ ვაკეს მოიცავს. არ იკითხავთ, ამხელა ტერიტორიას რამდენი მანქანა ემსახურება? ერთადერთი, სამი კაცით(?!). რამდენიმე ხნის წინ კომპანიის ხელმძღვანელმა ბრძანება გამოსცა - შემდუღებელს აიძულებენ მანქანაზე მძღოლიც იყოს, თუ არა და, სამსახურიდან გაშვებით ემუქრებინ. ამის შემდეგ კიდევ ერთი ბრძანება გამოუშვა: თუ მანქანა გაფუჭდა, მძღოლი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით გააკეთოს.
ახლა არ იკითხავთ, ეს პეტერბურგელი გერმანელი როგორ მართავს "თბილისის წყალს"? 10 დღე საქართველოშია, დანარჩენი 20 - საზღვარგარეთ. ცოლ-შვილი შვეიცარიაში ჰყავს. როგორც ვიცი 50.000 ლარი აქვს ხელფასი, იმ 20 დღესაც სამივლინებო ხარჯად აფორმებს, პრემიებს ნუღარ იკითხავთ.
აი, ეს არის ინვესტორი და ინვესტიცია! დიდი ეჭვი მაქვს, რომ"თბილისის წყალს" მალე გაყიდიან.

P.S. სტატია დასაბეჭდად მზად იყო, როცა შევიტყვეთ, რომ"თბილისის წყალი" ხსენებულმა კომპანიამ გაყიდა. ჩვენ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება პრესსამსახურში ვცადეთ. გვიპასუხეს, რომ ამის შესახებ არაფერი სმენიათ. თუმცა ინფორმაციას ვერც უარვყოფთ და ვერც დავადასტურებთო!..

(სპეციალურად საიტისთვის)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით