"იმათი ფალავანი შაჰის თვალწინ დავამარცხე... ფულს ვინღა მომცემდა..." - ქართველი ფალავნით მოხიბლული შაჰინშაჰი
15-03-2018
"იმათი ფალავანი შაჰის თვალწინ დავამარცხე... ფულს ვინღა მომცემდა..." - ქართველი ფალავნით მოხიბლული შაჰინშაჰი
ლეგენდარული მოჭიდავე, ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი ლევან თედიაშვილი 70 წლისაა. ლევან თედიაშვილმა მთელი ეპოქა შექმნა თავისუფალი ჭიდაობის ისტორიაში. 2005 წლიდან იგი ფილას დიდების დარბაზის წევრია.
სახელოვანი ფალავანი დაჯილდოებულია მრავალი ორდენით, რომელთა შორისაცაა ოლიმპიური ორდენი, ვახტანგ გორგასლის ორდენი, ღირსების ორდენი, სეოკის ორდენი და სხვა.

მკითხველს ვთავაზობთ ქართველი მოჭიდავის ცხოვრებიდან ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეპიზოდს.

1971 წელს თეირანში გაიმართა ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირი "არიამეჰრის" ანუ შაჰინშაჰის სახელობის პრიზის მოსაპოვებლად. ამ ტურნირზე მსოფლიოს მრავალ ცნობილ ფალავანს შორის
გამოდიოდა 23 წლის ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილიც, მომავალში - ლეგენდარული სპორტსმენი, მსოფლიოს ხუთგზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი. ქართველმა მოჭიდავემ არიამეჰრის პრიზი ღირსეულად დაიმსახურა.
ასპარეზობა ღია ცის ქვეშ გაიმართა, ხალხით გაჭედილ ვეებერთელა სტადიონზე. ფალავანთა ჭიდილს ესწრებოდა შაჰინშაჰიც თავის რიგით მესამე მეუღლესთან – ფარაჰ დიბასთან ერთად.

ირანის მონარქის სიახლოვეს იჯდა მისი საყვარელი, დაუმარცხებელი ფალავანი, რომელთანაც შერკინებამ ლევან თედიაშვილს მოუწია.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ფალავანმა სავსებით დამაჯერებლად გაიმარჯვა, მსაჯმა მეტოქეებს კვლავ უხმო ხალიჩაზე. რა თქმა უნდა, ირანელ ფალავანს განმეორებით დამარცხებას სიკვდილი ერჩია და თავგანწირვით იბრძოდა კიდეც, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

ლევან თედიაშვილი: რამდენიც გადაიხადეთ იმდენისა ვიჭიდავე! - ამბები ჭიდაოების ქართველ ლეგენდაზე

შაჰინშაჰი ისე მოიხიბლა ქართველი ფალავნის ოსტატობით, რომ გამარჯვებული თავისთან იხმო და ძვირფასი ბეჭდით დაასაჩუქრა.
საქართველოში დაბრუნებულმა გამარჯვებულმა ფალავანმა ეს ბეჭედი თავის საცოლეს, ნანა მჭედლიშვილს მიართვა...
საგულისხმოა, რომ ამ ასპარეზობის დაწყებამდე ირანელებმა საიდუმლოდ ინახულეს ლევან თედიაშვილი და მას წაგების სანაცვლოდ შესთავაზეს... 100 ათასი ამერიკული დოლარი, რაც მაშინ უზარმაზარ თანხას წარმოადგენდა.

ქართველმა ფალავანმა სიმდიდრეს სახელი ამჯობინა და შაჰინშაჰის ფავორიტი აბდუშაჰილივით გააკრა ხალიჩას. ეს ამბავი, რა თქმა უნდა, გახმაურდა. გთავაზობთ ამონარიდს ერთ-ერთი ინტერვიუდან, რომელიც შეტანილია ნანა მჭედლიშვილის მიერ შედგენილ პრესაში გამოქვეყნებული მასალების კრებულში "ლევან თედიაშვილი - ფალავანი და მოქალაქე":

"ლევან თედიაშვილი: - ფული შემომაძლიეს. "ვიცოტავე". კიდევ დაამატეს. ამ ვაჭრობა-ვაჭრობაში ყველაფერი ასი ათას დოლარამდე ავიდა. მერე გავედი ხალიჩაზე და იმათი ფალავანი შაჰის თვალწინ დავამარცხე... ფულს ვინღა მომცემდა...

- მართლა არ დაგენანათ ასი ათასი?
- გაყიდული შეხვედრით არავინ გამდიდრებულა. მერე თვალებში როგორ შემეხედა ჩემი შვილებისთვის".
არიამეჰრის პრიზი თეირანში ლევან თედიაშვილმა, მოგვიანებით კიდევ ორჯერ (1972 და 1977 წლებში) მოიპოვა.
1973 წელს თეირანში გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალი და კლასიკური სტილით მოჭიდავეებსა და სამბისტთა შორის.
თავისუფალ ჭიდაობაში ლევან თედიაშვილმა კვლავინდებურად იასპარეზა და ჩემპიონიც გახდა.

ჩემპიონატზე მოულოდნელად გახდა ავად გენადი რუსლიადევი, საბჭოთა კავშირის სამბისტთა ნაკრების წევრი, რის გამოც გუნდს ნული ქულა ელოდა! რუსი და ქართველი მწვრთნელების, ს. იონოვისა და ვახტანგ ბალავაძის "შეთანხმებით", ლევან თედიაშვილი სამბისტის ამპლუაში წარუდგა მოწინააღმდეგეს და ბევრისთვის მოულოდნელად, კიდევ ერთი ოქროს მედალი დაიმსახურა!

ქართველი ფალავნის ნამდვილი ტრიუმფით აღტაცებას ვერ ფარავდნენ მაყურებლები და თვით სახელგანთქმული თეირანელი ფალავნები - მანსურ მეჰთიზადე და აბდულაჰ მოვაჰედი. ისინი ხუმრობით ურჩევდნენ ლევანს, კლასიკურ ჭიდაობაშიც სცადე ბედიო...
ეს უნიკალური შემთხვევა იყო მსოფლიო სპორტის ისტორიაში, როდესაც ერთი სპორტსმენი ერთდროულად ორ სახეობაში, ექვს დღეში გახდა მსოფლიო ჩემპიონი. (იხილეთ სრულად)

"რაც მაგ შაჰებს საქართველოსთვის საქმე უქნიათ, ხო, ერთბაშად ამოვიყარე ყველას ჯავრი" - ლევან თედიაშვილი, 80.000 დოლარი და...
SS
16 მარტი 2018 11:05
ავად გახდა არა, შურუპი. წინა დღით მაგრა გამოძღა და პახმელიაზე იყო. სიმართლე თუ გინდათ, ეგ არი.
(თუ კარგად მახსოვს, კუზნეცოვი იყო გვარად)

რედაქტორის რჩევით