ხევსურეთში მოგზაურობა - დასასრული - კვირის პალიტრა

ხევსურეთში მოგზაურობა - დასასრული

იხილეთ წინა ნაწილი

მუცოდან ამაღლებული განწყობით წამოვედი, თუმცა... მოპირდაპირე მხარეს, მთებში, რუსების გადმოწეული საგუშაგო ნაწილობრივ მაინც ახშობდა ამ განწყობას... ერთი კი გამიელვა გულში, ახლა მუცოს მეციხოვნეები მოგვცა და... კიდევ მაშინდელი მეომრები, ვინ სად რას გადასწევდა, მაგასაც ვნახავდით-მეთქი... ეჰ... ერთ დროს აუღებელი ციხე ახლა თვითონ საჭიროებდა დახმარებას, მაგრამ ისიც კარგია, დანგრევის საშუალება რომ არ მისცეს და გამაგრება-რესტავრაციას შეუდგნენ...

ტკივილნარევი ფიქრები ირგვლივ გამეფებულმა სილამაზემ გამიფანტა - "სამი დელიკა ხალხი" არღუნის მხარდამხარ, არდოტისკენ ჯადოსნურ გზას მივუყვებოდით... ისე, მუცოს წვერიდან ლამის ჭიაყელასავით რომ მოსჩანდა ისედაც ვიწრო არღუნი, ძალიან სწრაფი კი ყოფილა და ამიტომ გავიფიქრე, მორბენალი ჭიაყელასავით მიძვრება, მთებში ჩაკეტილი-მეთქი. მაგრამ, ნურას უკაცრავად - ამ ვიწრო არღუნს ისეთი "გაბრაზება" სცოდნია, თან მიაქროლებს, თურმე, რასაც წამოედება. მითხრეს, ამ მდინარემ დაახრჩო უამრავი ქალი და ბავშვიო.

ანდაქის ხეობა და არდოტი

მუცო-არდოტის გზაზე ძალიან ლამაზ, ბუნებრივად მოხატულ დიდ ქვასთან გავჩერდით. აბა, რას წამოვიდგენდი, რომ ეს სწორედ ის ქვა იყო, კონსტანტინე გამსახურდიამ რომ აღწერა "დიდოსტატის მარჯვენაში". არღუნი უნდა გადაგვეკვეთა და იქვე ჩვენმა მესაზღვრეებმა გაგვაჩერეს... რომ შეიტყვეს, იქაურობის ჭეშმარიტ მეციხოვნესთან, ხევსურ ნიკო ზვიადაურთან ანუ პოეტ მურღვა არდოტელთან მივდიოდით, უმალ გაგვატარეს. ეს კაცი - მესაზღვრე, მასწავლებელი, ისტორიკოსი და პოეტი - არდოტის ერთადერთი მოსახლე ყოფილა. ის და მისი მეუღლე მარინა დაიაური მართლაც ამაგრებდნენ სოფელს, ძალიან უნდოდათ მუდმივად იქ ეცხოვრათ, მაგრამ... ვიდრე შვილები პატარები იყვნენ, თავად ნიკო ზვიადაური ასწავლიდა მათ სასკოლო საგნებს, მაგრამ რომ წამოიზარდნენ, იძულებული გახდა, ბავშვები განათლების მისაღებად მეუღლესთან ერთად ბარში გამოეშვა. არადა, სახელმწიფოს ელემენტარული პირობები რომ შეექმნა, არც მისი ოჯახი მიატოვებდა იქაურობას:

"არსად წამსვლელი არა ვარ,

არსად გამდგმელი ნაბიჯის,

მარტო ამ მთებმა იციან,

რა მიხარია, რა მიჭირს"... ნასახლარები არდოტში და მურღვა არდოტელის სახლი

ესეც მისი ამოთქმულია და იმიტომაც ვერ ელევა იქაურობას. სამწუხაროდ, არდოტში ასულებს ბატონი ნიკო შინ არ დაგვიხვდა, იქაურობა კი საგულდაგულოდ დავათვალიერეთ: XIX საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნანგრევები, ზვიადაურების კოშკი, ღვთისმშობლის ჯვარი და, რა თქმა უნდა, პიქტოგრამები. საითაც გავიხედეთ, თვალწარმტაცი პეიზაჟი იშლებოდა - ათასფერი მთები, მდინარე ანდაქის ხეობა და დაკლაკნილი გზები. ჩეჩნური თვითმფრინავის ახალი სიცოცხლე არდოტის გადასახედიდან, ქვემოთ დავინახეთ, რომ სამანქანო გზა წყდებოდა. ნიკო ზვიადაურის კარ-მიდამოდან ჩამოვუყევით და მივადექით ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის დროინდელ სამხედრო შვეულმფრენს, რომელმაც ავარია განიცადა და ხევსურეთში ჩამოვარდა. დღეს მას ხევსურები საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის იყენებენ. არდოტის სასაფლაოსთანაც შევჩერდით. ზვიადაურის საფლავი

გიორგი გიგაურმა ზვიად ზვიადაურის საფლავთან მიგვიყვანა. სწორედ იმ ზვიადაურის, ქისტებმა რომ დაიჭირეს, აგინეს, წამებით კლავდნენ და მაინც ვერ გატეხეს. აქ მოუყოლიათ ვაჟა-ფშაველასთვისაც ამ ვაჟკაცი ხევსურის ამბავი და ამის შემდეგ დაიწერა ვაჟას "სტუმარ-მასპინძელი", რომლის მთავარი გმირის პროტოტიპი სწორედ ზვიად ზვიადაური ყოფილა. არდოტის სახლი ჯიხვის რქებით

დავემშვიდობეთ არდოტს, ჩამოვუყევით ანდაქს - თითქოს პაწაწინა, მაგრამ უსწრაფეს მდინარეს, რომელმაც წლების წინ თეონა ქუმსიაშვილი ორი პატარა ვაჟით, მისი და ნათია, მეჯვარე ბერდია არაბული და მისი მეუღლე სოფო პატარა ვაჟთან ერთად იმსხვერპლა. მანამდე მეგონა, ეს ტრაგედია მდინარე არღუნთან დატრიალდა და მხოლოდ იმ დღეს შევიტყვე ალაგ-ალაგ დამშრალ მდინარე ანდაქზე, რომელსაც ასეთი საშინელების ჩადენაც შეძლებია! გულდამძიმებულმა გავიარე ის ადგილები, რადგან თეოსაც და სოფოსაც საკმაოდ ახლოს ვიცნობდი და ის 22 ივლისიც, 2010 წლის, არასდროს დამავიწყდება! არდოტის ეკლესია

მდინარე ანდაქის გზისპირი ჩამოვიარეთ და კვლავ შევუერთდით არღუნის ხეობას, გაუმაძღრად ვაყოლებდით თვალს ყველაფერს, უკვე ნანახსა და მშობლიურს, მეტხანსაც სიამოვნებით დავრჩებოდით, მაგრამ დაბინდებამდე უნდა გაგვევლო ხევსურეთის გზის ყველაზე რთული მონაკვეთი. გზად ხელი დავუქნიეთ მუცოს, საზეიმოდ - "სამი დელიკა ხალხის" საერთო ფოტოთი დავემშვიდობეთ შატილს, შემდეგ "გაგას წყაროსთან" ანუ კლდის წვიმაშიც გავილუმპეთ და სიმღერ-სიმღერით გამოვუყევით შინისაკენ. არდოტის გადასახედიდან. ყურისძირში რუსები დგანან

მადლობა მუდამ სანატრელ ხევსურეთს, რომ სიყვარულით მიგვიღო და მშვიდობით გამოგვისტუმრა.

გაგას წყაროსთან ანუ წყლის წვიმაში ბანაობა

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს