"ნაციონალური მოძრაობის" რღვევა დაიწყო? - ვინ იქნება შემდეგი?! - კვირის პალიტრა

"ნაციონალური მოძრაობის" რღვევა დაიწყო? - ვინ იქნება შემდეგი?!

"ნაციონალურ მოძრაობაში" მამათა და შვილთა პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს"

გიორგი ვაშაძემ "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა, პარტიიდან წასულ ვაშაძეს ყოფილი პარტიელები გადაწყვეტილებას უწუნებენ და მის ამ ქმედებას ივანიშვილის პოლიტიკურ ინტერესებს აწერენ.

ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ვაშაძე საპარლამენტო სიაში ადგილისთვის იბრძოდა და იმიტომ წავიდა.

არანაირი გარანტირებული ადგილი გიორგი ვაშაძეს სიაში არ ჰქონდა. (რაზეც ვითომ უარი თქვა) ადგილისთვის იბრძოდა და ამიტომაც წავიდა”.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ამჟამად ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით კი, "ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის ცალკეული წევრების დროდადრო ხმაურიანი გასვლა, "თავიდან ბოლომდე ოლიგარქ ივანიშვილის თამაშია". (იხილეთ: ”ნაციონალური მოძრაობიდან“ ცალკეული წევრების ხმაურიანი გასვლა, თავიდან ბოლომდე ოლიგარქ ივანიშვილის თამაშია")

გიორგი ვაშაძის პარტიიდან წასვლის მიზეზებზე kvirispalitra.ge "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ნუგზარ წიკლაურს ესაუბრა.

- ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ვაშაძეს სიაში გარანტირებული ადგილი არ ჰქონდა, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პოლიტიკოსს რატომ არ უნდა ჰქონოდა თქვენი პარტიის საარჩევნო სიაში ადგილი?

- ზოგადად, პოლიტიკურ პარტიაში ბევრ საკითხთან დაკავშირებით არის კამათიც, მსჯელობაც, განსხვავებული მოსაზრებებიც. მიმაჩნია, რომ ახლა მთავარი არის არა ის, თუ რა მიზეზები არსებობდა და რატომ დატოვა ვაშაძემ პარტია, არამედ ის, რომ არანაირი მიზეზი არ ამართლებს იმ ნაბიჯს, რომელიც გადადგა. მას ჰქონდა თავისი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, რაღაც მოსაზრებები შეიძლება იყო სწორი, რაღაც არასწორი, მაგრამ მან ამ ნაბიჯით ხაზი გადაუსვა ყველაფერს.

- რატომ, წასვლა არ შეეძლო?

- რა თქმა უნდა შეეძლო, ერთადერთი ვის ინტერესებსაც მოემსახურა, ეს არის ივანიშვილი, რომლის მთავარი ამოცანა "ნაციონალური მოძრაობის" სეგმენტირება და დასუსტება. არ მინდა მჯეროდეს, რომ ვაშაძემ შეგნებულად გააკეთა ეს, თუმცა შეგნებულად იყო თუ შეუგნებლად, საბოლოო ჯამში, ერთადერთი ვის ინტერესებსაც ემსახერება ეს ქმედება, არის ხელისუფლება. მთავარი ოპოზიციური ძალის დანაწევრება დღეს ხელისუფლების მთავარი ამოცანაა. ხელისუფლება თავისთავად გაკოტრებულია, 4 წლის წინ გაცემული დაპირებები არ შეასრულეს, ყველა ხედავს მზარდ უკმაყოფილებას მათი საქმიანობის გამო და ახლა, ხელისუფლება ცდილობს არა თავისი შერყეული იმიჯის გამაგრებას, არამედ ოპოზიციის დასუსტებას და დანაწევრებას, გიორგი ვაშაძე კი ამ ინტერესის მონაწილე გახდა.

ექსპერტები უკვე ამბობენ, რომ დაიწყო "ნაციონალური მოძრაობის" რღვევა, ისინი "იშორებენ" პარტიიდან ლიდერებს, და როგორც ვარაუდობენ, პარტიაში ცვლილებები ვაშაძის წასვლით არ დასრულდება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც პარტიის წევრები საარჩევნო სიის შედგენას ახალი, თუმცა უკვე კარგად ნაცნობი სახეებით აპირებენ. გიორგი ვაშაძის შემდეგ ვინ დატოვებს "ნაციონალურ მოძრაობას" უცნობია...

რამაზ საყვარელიძე, ექსპერტი:

- "ნაციონალურ მოძრაობაში" მამათა და შვილთა პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს და თუ პარტია პოლიტიკას არ შეცვლის და ექნება ტენდენცია, რომ პარტიული ძალაუფლება უნდა იყოს იგივე ძველი პოლიტიკოსების ხელში, ძველებისა და ახლებს შორის დაპირისპირება უფრო მწვავე სახეს მიიღებს და დამარცხებული პარტიას დატოვებს.

თუ არ ვცდები "ნაციონალებისგან" იმ ვერსიამაც გაიჟღერა, რომ ვაშაძემ "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა, რადგან სიაში მისთვის სასურველი ადგილი ვერ მიიღო. მე მგონია, რომ ეს ვერსია სწორია, თუმცა არ ვთვლი, რომ გადაწყვეტილება სწორია, ვინაიდან ვაშაძე ძალიან აქტიური ადამიანია. ეს იქნება "ნაციონალური მოძრაობის" ხარვეზი, თუ მისი აქტიურობა არ დააფასეს. საერთოდ, ვაშაძის მიმართ, "ნაციონალებმა" ხშირად გამოავლინეს მისი ჩაწყნარების და გვერდზე გაწევის ტენდენცია. ალბათ, ამ სიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს ტენდენცია. მე ვფიქრობ, ვაშაძემ გადაწყვიტა ეს აღარ მოეთმინა. შეგახსენებთ, მერიის არჩევნებს, როცა მსგავსი სახის დაპირისპირება მოხდა. "ნაციონალური მოძრაობა" იმის მაგივრად, რომ ხელს უწყობდეს ახალი სახეების წინ წამოწევას, პირიქით, ძველი სახეები ხელს უშლიან ახლებს ამოტივტივებაში. როგორც უკვე ვთქვი ამ პარტიაში მამათა და შვილთა პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს და ამ პროცესში, ბუნებრივია, იქნება დაპირისპირებებიც". (წყარო)

იხილეთ ასევე: "ეს გადაწყვეტილება ემსახურება ივანიშვილის ინტერესს" - რატომ დატოვა გიორგი ვაშაძემ "ნაციონალური მოძრაობა"?!

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)