"მაშინ როდესაც ბლოკის ფინანსური მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ბურჭულაძის შემოსავლი ამ ბლოკიდან თვეში არის 60 000 ლარი" - კვირის პალიტრა

"მაშინ როდესაც ბლოკის ფინანსური მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ბურჭულაძის შემოსავლი ამ ბლოკიდან თვეში არის 60 000 ლარი"

პაატა ბურჭულაძე მაშანტაჟებდა, რომ თუ "გირჩი" ვერ შეძლებდა გარკვეული ფინანსების მოძიებას, ამ შემთხვევაში "გირჩის" წევრები ამოღებული იქნებოდნენ პარტიული და ბლოკის სიიდან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა.

მისი თქმით, პაატა ბურჭულაძის ბრალდება, რომ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ან "ქართული ოცნების" მხრიდან ფინანსდება, რაც პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, უსაფუძვლოა. ჯაფარიძის განცხადებით, პაატა ბურჭულაძესთან პირველი პრობლემა სიის შედგენის დროს გაჩნდა.

"პირველი პრობლემა გაჩნდა სიის შედგენის დროს. კონკრეტულად, იაგო ხვიჩიასთან მიმართებაში, როდესაც მისი "ფეისბუქსტატუსები" დაუდეს პაატა ბურჭულაძეს. თუმცა, მაშინ ამ პრობლემის მოგვარება შევძელით. დღეს პაატა ბურჭულაძემ მითხრა, რომ სურდა "გირჩის" წევრების სიიდან ამოღება. ჩემზე არ იყო საუბარი. მან მითხრა, რომ მე ვიქნებოდი სიაში და შევიდოდი პარლამენტში. ეს ადამიანი მე მაშანტაჟებდა, რომ თუ "გირჩი" ვერ შეძლებდა გარკვეული ფინანსების მოძიებას, იმ შემთხვევაში "გირჩის" წევრები ამოღებული იქნებოდნენ პარტიული თუ ბლოკის სიიდან. რა თქმა უნდა, მე განვუცხადე უარი, ეს იყო შანტაჟი... ადამიანი ითხოვდა კონკრეტულ ფულს და მე არა მგონია, რომ ეს ფული ყოფილიყო ბლოკისთვის. დიდი ალბათობით, მას ეს პირადი მოხმარებისთვის სჭირდებოდა.

და ცნობისათვის, ჩემი აზრით ეს მნიშვნელოვანია, რომ ათობით ათასმა კოორდინატორმა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ჰყავს ამ ბლოკს და ელოდებიან დაფინანსებას, მათ იცოდნენ, რომ ამ ადამიანის შემოსავალი დღემდე ამ ბლოკიდან, მაშინ როდესაც ბლოკის ფინანსური მდგომარეობა ძალიან მძიმეა, არის თვეში 60 000 ლარი თუ მეტი და მგონია, რომ პირადი სარგებლობისთვის ჭირდებოდა ეს ყველაფერი." - განაცხადა ზურაბ ჯფარიძე

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბურჭულაძის ბლოკი შესაძლოა გიორგი ვაშაძემაც დატოვოს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ "გირჩის" წარმომაგენელმა პალიკო კუბლაშვილი შეხვდა ბიძინა ივანიშვილს და შემდგომ თანამშრომლობაზე ესაუბრა, რამაც ბურჭულაძე გაანაწყენა.

"რაიმე საუბარი არც დღეს არც მანამდე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით არ გვქონია. პაატა ბურჭულაძე, როგორც ჩანს, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ფიქრობს, რა მოიტყუოს რომ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. მძიმე მდგომარეობაშია, რადგან ამ ადამიანს აქვს ძალიან დიდი ვალდებულებები თავისი თანაპარტიელების მიმართ, რომლებიც აგიტაციას აწარმოებენ. მას არ აინტერესებს ამ ადამიანების ბედი. მას აინტერესებს მხოლოდ საკუთარი ხელფასი, მხოლოდ საკუთარი ფინანსები. ის პოლიტიკაში მოდის ფინანსებისთვის", - განაცხადა კუბლაშვილმა.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით