რაზე ესაუბრნენ სუს-ის წარმომადგენლები პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრებს? - კვირის პალიტრა

რაზე ესაუბრნენ სუს-ის წარმომადგენლები პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრებს?

26 დეკემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით 5 პირი დააკავა.

ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი სუს-ის განცხადებით, დაკავშირებულები არიან 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს.

"ჩატაევი გამოცდილი მებრძოლი იყო და "მისიას", რომელიც საქართველოში უნდა განეხორციელებინა, ასეთ გამოუცდელ ახალგაზრდებს ანდობდა?"

სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელსაც უკვე ჩაუტარდა ოპერაცია, თუმცა მისი მდგომარეობა რამდენიმე დღეა მძიმეა.

"კვირის პალიტრის" ანალიტიკოსის, ნინო ბურჭულაძის ინფორმაციით, 29 დეკემბერს სუს-ის წარმომადგენლებსა და პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრებს შორის, თელავში შეხვედრა გაიმართა:

"როგორც გუშინ საღამოს, ჩემთვის პანკისიდან გახდა ცნობილი, თელავში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებსა და პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრებს შორის შეხვედრა შედგა. საუბარი შეეხო 26 დეკემბერს პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციის დეტალებს და უხუცესთა საბჭოს წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია დაკავებული პირების ჩატაევის ჯგუფის წევრებთან კავშირების თაობაზე. ასევე აღუთქვეს, რომ გამოძიება ჩატარდება ობიექტურად".

იხილეთ ასევე: "ხეობაში ხალხს უნდა სიმშვიდე" - პანკისელი უხუცესებისა და სუს-ის წარმომადგენლების შეხვედრის დეტალები

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)