"პოლიციელზე თავდამსხმელი და სამი კაცის დამჭრელი გირაოთი გამოეშვათ, ასეთი რამ არ მახსენდება" - ვინ არის "ბასიანის" საქმის მოსამართლე?! - კვირის პალიტრა

"პოლიციელზე თავდამსხმელი და სამი კაცის დამჭრელი გირაოთი გამოეშვათ, ასეთი რამ არ მახსენდება" - ვინ არის "ბასიანის" საქმის მოსამართლე?!

13 იანვარს, თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე კლუბ "ბასიანში" 27 წლის თამაზ ქვლივიძემ დაცვის ორი თანამშრომელი და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე თამაზ საველიევი დაჭრა.

ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ახალგაზრდამ სამივე პირს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა. დანაშაულში ბრალდებული პოლიციამ მალევე დააკავა. დაჭრილების სიცოცხლეს, საბედნიეროდ, საფრთხე არ ემუქრება.

"13 იანვარს, უშველებელი დანით მომარჯვებულმა ერთ-ერთი პრივილეგირებული ოჯახის შვილმა, მას შემდეგ რაც კლუბის ტერიტორიაზე შეშვებაზე უარი განეცხადა, ჩვენი მთვარი საყრდენი, ჩვენთვის ყველაზე საყვარელი დაცვის უფროსი და დაცვის წევრები სასიკვდილოდ გაიმეტა, ასევე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილეს. ახალგაზრდა ადამიანმა სისხლიანი პარასკევი "ფეისკონტროლის" სწორი გადაწყვტილების გამო მოაწყო", - დაწერა კლუბ "ბასიანის" დამფუძნებელმა ნაჯა ორაშვილმა სოციალურ ქსელში.

  • იხილეთ: რატომ გაათავისუფლა სასამართლომ 3 ადამიანის დაჭრაში ბრალდებული?!

თვითმხილველების თქმით, შემთხვევის დროს თამაზ ქვლივიძე კლუბში მეგობართან, მიხეილ სვანიძესთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც ადმინისტრაციული მუხლით გაათავისუფლეს. თამაზ ქვლივიძემ დაცვის უფროსს, 5 შვილის მამას ზვიად მესხს დანით თავის არეში მიაყენა ჭრილობა და რომ არა პოლიციელ თამაზ საველიევის სიმარჯვე (დანა დაიჭირა და ხელიდან გამოსტაცა, რა დროსაც ხელში დაიჭრა), თავდასხმა ფატალური შედეგით დასრულდებოდა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული თამაზ ქვლივიძე "ზარალას", იმავე გიორგი რამიშვილის მეგობრის, ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის შვილია, მისი ბაბუა კი მიხეილ სააკაშვილის ნათლიაა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად კლუბ "ბასიანის" ტერიტორიაზე სამი პირის დაჭრაში ბრალდებული პირი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, საქართველოს პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

შინაგნ საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულ ქვლივიძეს ბრალი წარედგინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე (117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) და განზრახ ნაკლებად მძიმე (118-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) დაზიანებისთვის, აგრეთვე პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისთვის. სსკ-ის 117-ე მუხლი სამიდან ექვს წლამდე, 118-ე მუხლი - ერთიდან სამ წლამდე, ხოლო 353-ე მუხლი ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოსამართლე, რომელმაც სამი მუხლით ბრალდებული თამაზ ქვლივიძის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, 37 წლის ბადრი შონია გახლავთ, რომელიც 2011 წლის ნოემბრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა.

საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მონაწილეობდა ისეთ გახმაურებულ საქმეებში, როგორიცაა ე.წ. ციანიდის, ივანე მერაბიშვილის, ბანკი "ქართუს" გაკოტრების, "რეპერების საქმე", იგი ასევე გახლდათ 7 ნოემბრის საქმეზე უგულავას, ადეიშვილის, კეზერაშვილისა და მერაბიშვილის საქმის მოსამართლე, თუმცა ამ უკანასკნელს ჩამოშორდა. ცნობილია ისიც, რომ ბადრი შონია თავის დროზე საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს მამუკა ახვლედიანს დაუპირისპირდა.

როგორც ამბობენ, პროკურატურამ აღნიშნულ დანაშაულზე ქვლივიძეს განგებ წაუყენა მსუბუქი მუხლები და სასამართლოს არ წარუდგინა მყარი მტკიცებულებები, მოსამართლეს ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიება გირაოს გამოყენების შანსი რომ ჰქონოდა. რამდენად კანონიერი იყო მოსამართლის გადაწყვეტილება, ან პროკურატურის მიერ მიცემული დანაშაულის კვალიფიკაცია, ამას ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს ყოფილი უფროსი კახა ჩიხლაძე განმარტავს:

- მნიშვნელობა არ აქვს იმას, დაზარალებულები პოლიციელები იყვნენ თუ ჩვეულებრივი მოქალაქეები, მოსამართლე წყვეტს, რომელი აღმკვეთი ღონისძიება გამოიყენოს. რადგან მსუბუქი მუხლებია წაყენებული, მოსამართლეები, გამონაკლის შემთხვევებში, აღმკვეთის სახეობად გირაოს იყენებენ. როდესაც პოლიციელზეა თავდასხმა, აღმკვეთი ღონისძიების სახეს ისევ მოსამართლე წყვეტს და პირი დამნაშავეა, უდანაშაულოა, ვისი ბრალეულობაა, ამ დროს ეს არ განიხილება. განიხილება მხოლოდ ის გარემოება, შეუშლის თუ არა პირი ხელს გამოძიებას, არსებობს თუ არა მიმალვის საფრთხე, მოახდენს თუ არა ზეგავლენას მოწმეებზე და სხვა მრავალი ფაქტორი. ამას განსაზღვრავს ევროპული კონვენციებიც და ევროსასამართლოც, მაგრამ პოლიციელზე თავდამსხმელი და სამი კაცის დამჭრელი ადამიანი რომ მოსამართლეს გირაოთი გაეთავისუფლებინოს, ასეთი რამ პრაქტიკაში არ ყოფილა.

შესაძლოა მტკიცებულებების მოპოვების მხრივ იყო რაიმე დარღვევები ან დაუსაბუთებელი იყო ის, თუ რატომ უნდა მოეთხოვა პროკურატურას მისი პატიმრობაში დატოვება. არ ვიცი, საქმეს არ ვიცნობ, მაგრამ ჩემთვის მოსამართლის გადაწყვეტილება მაინც მოულოდნელი იყო. პროკურორმა უნდა დაასაბუთოს, რატომ ითხოვს პირის პატიმრობას, ეს დასაბუთება მყარი თუ არ არის, მოსამართლემ შეიძლება გამოიყენოს გირაო, რომელიც აღმკვეთი ღონისძიების ერთ-ერთი სახეა. უბრალოდ, სამსახურებრივი მოვალეობის დროს პოლიციელებზე თავდამსხმელი გირაოთი დაეტოვებინათ, ეს ძალზე მოულოდნელია და ვიმეორებ, პრაქტიკაში მსგავსი არაფერი მახსოვს.

რაც შეეხება დანაშაულის კვალიფიკაციას, ის საბოლოო არაა, გამოძიების პროცესში შეიძლება შეიცვალოს, უბრალოდ, პროკურატურას თავიდან რა ფაქტობრივი გარემოებებიც ჰქონდა ხელთ, იმით დაიწყო გამოძიება და აღიძრა საქმე. ეს მუხლები მსუბუქად კი გამოიყურება, თუმცა ექსპერტიზის დასკვნებისა და მოწმეთა ჩვენებების შემდეგ, მისი გადაკვალიფიცირება შეიძლება. ბადრი შონია ისეთი მოსამართლეა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან გირაო დამნაშავეს რაღაც საეჭვო გარემოებების გამო შეუფარდა. რა მოტივი ჰქონდა მას საამისოდ, ეს თანდათან გამოჩნდება. როგორც ვიცი, პროკურატურას უკვე გასაჩივრებული აქვს სასამართლოს გადაწყვეტილება.

ნანა ფიცხელაური (სპეციალურად საიტისთვის)