რუსული დიპლომატიის "შავი დღის" შემდეგ რუსი ოლიგარქების ჯერიც დადგება - მსოფლიო ახალი "ცივი ომის" ზღვარზე - კვირის პალიტრა

რუსული დიპლომატიის "შავი დღის" შემდეგ რუსი ოლიგარქების ჯერიც დადგება - მსოფლიო ახალი "ცივი ომის" ზღვარზე

"დღეს დასავლეთში აშკარად ფიქრობენ, რომ რუსეთზე ზეწოლა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემის პედალირებით გაცილებით მომგებიანი შეიძლება იყოს, ვიდრე მხოლოდ უკრაინაზე ლაპარაკი"

"ბრიტანელი ექსპერტების შეფასებით, რუსი ოლიგარქები ინგლისში 1,1 მლრდ ფუნტი სტერლინგის უძრავ ქონებას ფლობენ"

რუსეთის დაზვერვის სამსახურის ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის პატარა ქალაქ სოლსბერიში გონებადაკარგული იპოვეს. იმთავითვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მათ მოწამვლაში რუსეთის სპეცსამსახურების ხელი ურევია. მალევე დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა რუსეთი საჯაროდ დაადანაშაულეს და კრემლის პოლიტიკის წინააღმდეგ უმკაცრესი ზომების გატარება დაიწყეს. ორ ქვეყანას შორის დაწყებული დიპლომატიური ომი სულ უფრო მასშტაბური ხდება, მასში ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებიც ჩაერთვნენ, რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე ლაპარაკობენ აშშ-ისა და საფრანგეთის ლიდერებიც.

მას მერე, რაც ევროკავშირმა რუსეთის ელჩი გაიწვია, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის ოცამდე ქვეყანა რუსი დიპლომატების გაძევებისთვის ემზადება. ბრიტანული The Times-ის ინფორმაცით, ეს პროცესი 26 მარტიდან დაიწყება. გაზეთი წერს, რომ 23 მარტს ოთხსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ დაითანხმა საფრანგეთი, გერმანია, ლიტვა და ირლანდია გადაედგათ ეს ნაბიჯი ბრიტანეთის დაზვერვის მიერ გამოაშკარავებული რუსული ჯაშუშური ქსელის დასაზიანებლად. „რუსეთისგან მომდინარე საფრთხე არ ცნობს საზღვრებს და ვფიქრობ, ნათელია, რომ რუსეთი უპირისპირდება იმ ღირებულებებს, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ, როგორც ევროპელები. მართებულია, რომ ჩვენ ერთად ვიცავთ ჩვენს ღირებულებებს“, - განაცხადა ტერეზა მეიმ.

დიპლომატების საკუთარი ქვეყნებიდან გაძევების პროცესში მონაწილეობას: საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, ირლანდია, ჰოლანდია, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, ბულგარეთი, ჩეხეთი, დანია და კიდევ ცხრა ქვეყანა მიიღებს.

რამდენიმე დღის წინ, ინგლისურმა გამოცემამ The Guardian-მა ლონდონში რუსი ოლიგარქების კუთვნილი აპარტამენტების, სახლებისა და მამულების ადგილმდებარეობა გამოაქვეყნა.

„მაგნიტსკის სიის“ ინგლისური ვარიანტის მიღების შემთხვევაში ამ ქონებას დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ კონფისკაცია ემუქრება.

ექსპერტთა დიდი ნაწილი ელის, რომ დიდი ბრიტანეთის შემდგომი ნაბიჯი რუსეთის დასჯის გზაზე სწორედ ასეთი სიის შექმნა იქნება.

The Guardian-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ მთელი ეს ქონება კორუფციული წარმოშობის კაპიტალით არის შეძენილი.

სტატიის ავტორის წერს, რუსმა მაღალჩინოსნებმა და ოლიგარქებმა უნდა გაასაჯაროონ დიდ ბრიტანეთში არსებული მათი ქონების შესახებ ინფორმაცია. ბრიტანელი ექსპერტების შეფასებით, რუსი ოლიგარქები ინგლისში 1,1 მლრდ ფუნტი სტერლინგის უძრავ ქონებას ფლობენ. ეს ქონება ძირითადად ლონდონის ტერიტორიაზეა და მისი რეალური ფასი, შესაძლოა, გაცილებით მაღალი იყოს, ვინაიდან მფლობელები შენაძენის რეალური ფასის გამჟღავნებისგან თავს იკავებენ.

გაზეთის მიერ გამოქვეყნებულ ჩამონათვალში მოყვანილი უძრავი ქონების მფლობელები არიან რუსი ოლიგარქები და მოქმედი სახელმწიფო მოხელეები. მილიარდერი რომან აბრამოვიჩის უძრავი ქონების ღირებულება 90 მლნ ფუნტ სტერლინგს შეადგენს, რუსეთის ვიცე-პრემიერის იგორ შუვალოვის ქონება - 11 მლნ ფუნტ სტერლინგს.

მიმდინარე პროცესებში ექსპერტთა ნაწილი ახალი "ცივი ომის" დასაწყისის ნიშნებსაც ხედავს. მართლაც მოსალოდნელია თუ არა უახლოეს მომავალში დასავლეთსა და რუსეთს შორის ახალი და ყოვლისმომცველი კონფლიქტის გაჩაღება?

მამუკა არეშიძე, ექსპერტი:

- თუ სკრიპალის თემას მივაბამთ წინა მკვლელობების, ბერეზოვსკის, ლიტვინენკოსა და ა.შ., ამბებს, აშკარაა, რომ რუსეთი ბრიტანეთის ტერიტორიაზე აქამდეც იშორებდა არასასურველ ხალხს, რაზეც ბრიტანეთი მძაფრად რეაგირებდა, მაგრამ რაც ახლა ხდება, ამას მძაფრი რეაგირება აღარ ჰქვია.

ლაპარაკია ორ ქვეყანას შორის, ფაქტობრივად, ყველანაირი ურთიერთობების გაწყვეტაზე, რაც, ბუნებრივია, გვაფიქრებინებს, რომ ამან მსოფლიო ახალი "ცივი ომის" ფაზაში შეიძლება შეიყვანოს, თანაც ფატალური დასასრულით.

ბრიტანეთის პრემიერ ტერეზა მეის პოზიცია უკიდურესად აგრესიულია, აშკარაა, ის ცდილობს დაემსგავსოს მარგარეტ ტეთჩერს და ამისთვის არგუმენტებიც აქვს და ლოგიკაც.

ეს პროცესი რუსეთისთვის ძალიან მძიმე შედეგებით შეიძლება დასრულდეს, იმიტომ, რომ დიდ ბრიტანეთს შეუძლია თავისი მოკავშირეების კონსოლიდირება და კრემლთან ერთიანი ფრონტით დაპირისპირება. ნატოს წევრმა ქვეყნებმა ერთმნიშვნელოვნად გამოხატეს მხარდაჭერა, გვესმის ახალი სანქციების თაობაზე განცხადებები, მასშტაბური დიპლომატიური კონფლიქტი უკვე არსებობს, რასაც სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური ნაბიჯები მოჰყვება, რაც რუსეთისთვის ძალიან მძიმე დარტყმა იქნება.

საინტერესოა, რომ დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის დაპირისპირების კონტექსტში არაერთხელ ახსენეს საქართველო და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. ეს ახსენა ტერეზა მეიმაც, რაც ძალიან კარგია, მაგრამ აქვე უნდა გულისტკივილით ითქვას, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ზოგჯერ საერთაშორისო პოლიტიკისთვის დამახასიათებელი ცინიზმით იქცევიან, როცა სჭირდებათ, საქართველოს ახსენებენ, როცა არა, არა.

მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს ვითარება მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და მეტად შევახსენოთ მსოფლიოს ჩვენი პრობლემები. ყველა დონეზე, ყველა ფორუმზე უნდა ვილაპარაკოთ ამაზე. ამ პროცესს ბევრი ჩვენთვის მნიშვნელოვანი რამ შეიძლება მიებას. ახლა გვმართებს ძალიან სწორი დიპლომატიის გატარება და გონივრული მოქმედება.

დღეს დასავლეთში აშკარად ფიქრობენ, რომ რუსეთზე ზეწოლა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემის პედალირებით გაცილებით მომგებიანი შეიძლება იყოს, ვიდრე მხოლოდ უკრაინაზე ლაპარაკი.

- მიუხედავად იმისა, რომ ამ დანაშაულთან ოფიციალური მოსკოვი კავშირს უარყოფს, რუსულ პრესას თუ გადავხედავთ, დიდწილად ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს სწორედ რუსების მოწყობილია. იწერება დაახლოებით ასეთი შინაარსის სტატიები, როცა იქნება, ყველა მოღალატე დაისჯებაო.

აქედან გამომდინარე, ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს ყოფილიყო მართლაც საკუთარ მოქალაქეებზე ზემოქმედებისთვის განკუთვნილი, იმის ჩვენება, აი, ყველგან და ყველაფერს მისწვდება ჩვენი გრძელი ხელიო. სამწუხაროდ, ამგვარ აგრესიულ, კუნთების თამაშის პოლიტიკას კარგა ხანია იყენებს კრემლი. პუტინმა მთელი წინასაარჩევნო კამპანია სწორედ ამგვარად წარმართა. მისი განცხადებები სწორედ აგრესიითა და მუქარით იყო გაჟღენთილი.

არ დაგავიწყდეთ, რომ სკრიპალების მოწამვლიდან მოკლე ხანში ლონდონში სრულიად საიდუმლო ვითარებაში გარდაცვლილი ნახეს რუსი ბიზნესმენი და ბორის ბერეზოვსკის მეგობარი ნიკოლაი გლუშკოვი, რომელიც რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას ძებნილად ჰყავდა გამოცხადებული. ეს ფაქტიც ბუნებრივად დაუკავშირდა რუსულ სპეცსამსახურებს და ბრიტანეთისთვის ეს აშკარად ბოლო წვეთი აღმოჩნდა.

ბევრისთვის და პირადად ჩემთვისაც სრულიად გაუგებარია, დღეს კრემლს ამგვარ სკანდალსა და კონფლიქტში რატომ უნდა შეეყო თავი, თუმცა გამოთქმისა არ იყოს, "Умом Россию не понять".

ნათია დოლიძე