"როცა სალომე საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კონკურსზე გადიოდა, საბჭოელებმა ქართველ ემიგრანტთა შვილს ხელი შეუშალეს" - კვირის პალიტრა

"როცა სალომე საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კონკურსზე გადიოდა, საბჭოელებმა ქართველ ემიგრანტთა შვილს ხელი შეუშალეს"

ცნობილი ისტორიკოსი რუსუდან დაუშვილი რამდენჯერმე შეხვდა დღეს უკვე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დედას ზეინაბ კედიას და მასთან ვრცელი ინტერვიუც ჩაწერა, რომელიც 2004 წელს გაზეთ "თბილისში" გამოქვეყნდა. გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

ზეინაბ კედია: - მეც ქართველი ვიყავი და ბავშვები ოთარი და სალომეც ქართველებად დაიბადნენ - საბუთებში "ლტოლვილი" ეწერათ. 18 წლის რომ გახდნენ, მაშინ კითხეს - დარჩებით თუ არა ქართველებადო. ამის თქმა არ შეიძლებოდა, კარგ სამსახურს ვერ იშოვნიდნენ. სალომე კარგად სწავლობდა, მაგრამ როცა საგარეო საქმეთა სამინისტროში კონკურსზე გადიოდა, საბჭოელებმა ქართველ ემიგრანტთა შვილებს ხელი შეუშალეს და წერითის შემდეგ ზეპირ გამოცდაზე არ უშვებდნენ. ლევანი გაგიჟდა - "საბჭოთა კავშირს ასეთი გავლენა რატომ უნდა ჰქონდეს საფრანგეთზეო", მივიდა ჩვენს მოძღვარ ილია მელიასთან, მან კი ანდრონიკაშვილს მიაკითხა, რომელიც ჯერ დე გოლის, შემდეგ პომპიდუს თარჯიმანი იყო და ამან გაჭრა. სალომე 15 დღეში მოემზადა და გამოცდაზე I ადგილზე გავიდა. 1975 წელს, როცა ლევანი გარდაიცვალა, სალომე უკვე დიპლომატი იყო. მარტო არ მტოვებდა და ხშირად ერთად დავდიოდით. აღარ შეიძლებოდა ჩემი ქართველობა და საცოდავი "ლტოლვილობა". მეც ვიფიქრე, რამე მოხდეს, როგორ შეიძლება ასე-თქო. 1981 წ. გავამზადე უამრავი ქაღალდი და მომცეს ფრანგობა. და იცით ვინ იყო ყველაზე მეტი წინააღმდეგი? - ჩემი შვილი ოთარი. "რად გინდა ფრანგობა. მივხვდი, საქართველოში გინდა ადვილად წასვლაო".

- ცოტა რამ თქვენი შვილებისა და შვილიშვილების შესახებაც გვიამბეთ.

- ოთარი ექიმია. სამი შვილი ჰყავს. ოთარის ცოლი დარეჯან ბერეკაშვილი ქართულს ახლა სწავლობს და ქართულად ლაპარაკი ბავშვებსაც უჭირთ. სალომე ზურაბიშვილი დედასთან და პატარა ვაჟთან ერთად სალომეს შვილები გვარად გორჯესტანები არიან. მათი მამის წინაპარი გუგუშვილი საქართველოს დამოუკიდებლობამდე წასულა სპარსეთში და გვარი "გორჯესტანად" ("საქართველოდან მოსულს" ნიშნავს) გადაუკეთებია. სალომე ბევრს მოგზაურობდა, ამიტომ ბავშვები ჩემთან რჩებოდნენ და მე ქართულად ველაპარაკებოდი. ასე ისწავლეს ქართული. თემური 23 წლისაა და ისიც დიპლომატია, 21 წლის ქეთევანი - იურიდიული ფაკულტეტის III კურსის სტუდენტია.

- რა გრძნობა დაგეუფლათ სალომე რომ ელჩად დანიშნეს საქართველოში?

- სალომე რომ 22 წლის იყო მაშინ ჰკითხეს, "რისთვის გინდა დიპლომატობაო?" – უპასუხა: - "მოგზაურობა მიყვარს და რა ვიცი, იქნებ ერთ დღეს ელჩიც გავხდეო". 30 წლის მერე ეს ნათქვამი შეუსრულდა. საქართველოში რომ ელჩად დაინიშნა, ვთქვი, "ახლა კი შემიძლია მშვიდად წავიდე ზეცაში-მეთქი". საქართველოში რომ წამოვიდა, სალომემ მეც წამომიყვანა. სულ იმას ვფიქრობდი, რა იქნება შევარდნაძეს რომ არ გადასცეს რწმუნების სიგელები-თქო და მართლაც, 3 დღით ადრე გადადგა. ორი დღის ჩამოსულები ვიყავით "ვარდების რევოლუციას" ტელევიზორში ვუყურებდი. საშინლად განვიცადე. ძალიან ნერვიულობდა ოთარიც. მინდოდა რუსთაველზე გასვლა, მაგრამ სალომე დამემუქრა: "არ გაბედო, თორემ ჩაგკეტავო". 23-ში, ყველაფერი რომ დამთავრდა, პეტრე ხვედელიძეს დავურეკე ამერიკაში: "ახლა შეგიძლია ჩამოსვლა, შევარდნაძე აღარ არის-მეთქი". როცა სააკაშვილმა სალომე საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა, წარმოუდგენელი რამ მოხდა მთელი ფრანგული დიპლომატიის ისტორიაში. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ფრანგი ელჩი სხვა ქვეყნის მინისტრი გახდა. უამრავი ჟურნალისტი ჩამოვიდა და გვეკითხებოდა, - "ეს როგორ მოხდაო". ჩვენ ოჯახში ყველას გვინდოდა გვეშველა საქართველოსათვის, რამე გაგვეკეთებინა და ეს დანიშვნა მთელი ცხოვრების ოცნების ასრულებაა. იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: "სალომე საოცარ კერძებს ამზადებს - საცივს, ხაჭაპურს... აღდგომას უგემრიელეს პასკებსაც აცხობს" - რას ჰყვება სალომე ზურაბიშვილის უახლოესი მეგობარი?