"ვერასდროს წარმოვიდგენდი ლიკას კუბოს აწევა მე თუ მომიხდებოდა" - გაუმხელელი სიყვარულის ამბავი
"ვერასდროს წარმოვიდგენდი ლიკას კუბოს აწევა მე თუ მომიხდებოდა" - გაუმხელელი სიყვარულის ამბავი
ლიკა ქავჟარაძეს ვრცელი სტატია მიუძღვნა ჟურნალმა "გზამ", რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:
კინოში 30-მდე როლი შეასრულა, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანის ხსოვნაში 15 წლის მარიტად დარჩა. იმ დღეს, როცა მაყურებელი უკანასკნელ გზაზე აცილებდა, ამბობდნენ, მარიტას როლი თავადაც ისე მოსწონდა, გადასაღები მოედნიდან შინ დაბრუნებული, მარიტას კაბით დადიოდაო.

ლიკა ქავჟარაძე უკანასკნელ გზაზე მაყურებელმა ტაშით გააცილა. "ნატვრის გოგონა" ტაძრიდან "შეთემ" და "გედიამ" გამოასვენეს...
ლიკა ქავჟარაძემ და სოსო ჯაჭვლიანმა გადასაღებ მოედანზე ერთად თითქმის ორი წელი გაატარეს, ორი წელი შეყვარებულებს თამაშობდნენ და რა
გასაკვირია, რომ გედიას მარიტა ცხოვრებაშიც შეჰყვარებოდა. სოსო ჯაჭვლიანი ადასტურებს, რომ ეს ასეც მოხდა, მაგრამ არც მაშინ და არც შემდეგ, "ნატვრის გოგონას" სიყვარულში არ გამოსტყდომია.
მარიტა შეთესაც შეჰყვარებია. ზაზა კოლელიშვილი წლების განმავლობაში, გულში რაინდულად ნატარები სიყვარულის ამბავზე, დღეს უკვე ღიად ლაპარაკობს.
- ბატონო ზაზა, ამ გრძნობის საიდუმლოდ ტარება არ გაგიჭირდათ?

ზაზა კოლელიშვილი, მსახიობი:
- არა, კაცობა ზუსტად ეგ არის. ზოგჯერ გამოუთქმელი და გაუმხელელი უფრო სათუთია და ძვირფასი, ვიდრე გაცხადებული. თან, ხომ ვიცოდი, ლიკას სხვა მოსწონდა. ჩემი მხრიდან არაკაცური საქციელი
იქნებოდა.

- წლების შემდეგ მაინც თუ გქონდათ ამ თემაზე მასთან ლაპარაკი?
- არა, არასდროს გვისაუბრია. მაშინდელ სიყვარულზე მინიშნებითაც კი არასდროს არაფერი მითქვამს.

- ძალიან ამაღლვებელი იყო ლიკას ტაძრიდან გამოსვენების სცენა. ეს იყო "ნატვრის ხის" უცნაური "დასასრული" და მაყურებლის უკანასკნელი ტაში.
- ვერასდროს წარმოვიდგენდი ლიკას კუბოს აწევა მე თუ მომიხდებოდა. იმ წუთებში რას ვგრძნობდი, რას განვიცდიდი, ამის გადმოცემას ალბათ ვერასდროს შევძლებ. რა უცნაურია ცხოვრება. სამარის პირამდე მივყევი და...



არც ვიცი, ის ქალბატონი ვინ იყო, ლურჯი ყვავილი მომაწოდა. ის ყვავილი ლიკას თავთან დავდე, ვეამბორე და შევფიცე, რომ მისი ნახატების გამოფენა აუცილებლად მოეწყობა. (იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 19 ოქტომბრის ნომერში)

იხილეთ ლიკა ქავჟარაძის უცნობი ფოტოები

თამუნა კვინიკაძე

პატრიოტი 2
20 ოქტომბერი 2017 14:05
ლიკა ღმერთმა ნათელში ამყოფოს, მაგრამ საოცრად განვიცადე თამაზის კომენტარი. როგორ შეიძლება სამშობლოსთვის დაღუპულ გმირებს ჭირისუფლები არ ჰყავდეთ, ვგულისხმობ ერს და არა ოჯახის წევრებს. მე თბილისში არ ვიყავი, მაგრამ მაინც დანაშაულის გრძნობა გამიჩნდა. ყველაზე დიდ პატივისცემას და დაფასებას სწორედ ისინი იმსახურებენ, ღმერთმა ნათელში ამოფოს მათი სულები!!!!!!!!!!!
თამაზ
19 ოქტომბერი 2017 18:11
სად იყავით ქართველებო? აფხაზეთში გმირულად დაღუპულთა 25 კუბო გამოასვენეს იმ დღეს სამების ტაძრიდან, ისინი ჩემთვის და შენთვის იბრძოდნენ და თავი გაწირეს შენთვის და ჩემთვის, სამშობლოსათვის, სად იყავით? არც ერთი მსახიობი, არც ერთი მწერალი, არც ერთი არტისტი, არც ერთი მომღერალი, მე იქ არ მინახიხართ. ვწუხვარ, რომ ასე შემოტრიალებულია საზოგადოებრივი აზროვნება!
zurab
19 ოქტომბერი 2017 16:09
გაიხარეთ თქვენ ვამაყობ თქვენნაირი მსახიობებით...
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზება?