"როცა პაციენტის საწოლთან ვდაგვარ, ვამბობ, ღმერთო, ეს პაციენტი გადამირჩინე-მეთქი..." - კვირის პალიტრა

"როცა პაციენტის საწოლთან ვდაგვარ, ვამბობ, ღმერთო, ეს პაციენტი გადამირჩინე-მეთქი..."

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, პროფესორი ლევან რატიანი უკვე რამდენიმე თვეა დაუღალავად, ყოველდღიურ რეჟიმში დგას სიკვდილ-სიცოცხლის სადარაჯოზე და თავდაუზოგავად იბრძვის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების გადასარჩენად. საკუთარ პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული ექიმის ბრძოლა ამჟამად კორონოვირუსის წინააღმდეგ არის მიმართული.

"არ არსებობს, რომ ექიმსა და პაციენტს შორის კარგი დამოკიდებულება არ ჩამოყალიბდეს, თუ კარგი დამოკიდებულება არ ყალიბდება, იქ დაავადებასთან ბრძოლას აზრი არ აქვს", - ამის შესახებ ლევან რატიანმა  "დღის პოსტის" ეთერში განაცხადა.

"თეთრი ხალათი ჩავიცვი 2000 წელს, როგორც კი ჩავაბრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. ჩემი ოცნება იყო, რომ გავმხდარიყავი ექიმი. ტრადიციული ექიმების ოჯახიდან ვარ, გარდა დედ-მამისა ყველა ექიმი მყავს ოჯახში. ჩემი წინაპრები ყველანი ექიმები იყვნენ. მე ხობის რაიონის სოფელ პატარა ფოთიდან ვარ, მე- 6 კლასამდე ვსაწვლობდი იქ, დედაჩემი მასწავლებელი იყო. კლასიდან კლასში გადასაყვანი გამოცდები ახალი დაწყებული იყო, ერთ-ერთმა მშობელმა თქვა ჩემზე, ბიოლოგიის გამოცდაში 5-ს რატომ არ მიიღებდა, დედამისი აქ არისო და იმ დღიდან გადავწყვიტე, რომ იმ სკოლაში აღარ წავსულიყავი. გადავედი ფოთის ნიკო ნიკოლაძის სახელობის გიმნაზიაში. სკოლის დამთავრების მერე ორი წელი ვაბარებდი თბილისის სახელმწიფო  სამედიცინო უნივერსიტეტში, მეორე წელს ჩავაბარე და წარჩინებით დავამთავრე. მარტივად არაფრისთვის მიმიღწევია. არ არსებობს  ექიმი გახდე მარტივად, ყველა ის გზა, რაც ექიმმა უნდა გაიაროს, გავიარე რთულად.

2002 წელს დავიწყე მორიგეობა რეანიმაციულ განყოფილებაში. მაშინ მივხდი, რომ თუ გამოვიდოდი ექიმი, უნდა გავმხდარიყავი რეანიმატოლოგი... როცა ექიმი ხდები, ვერ წარმოგიდგენია შენი ცხოვრება გქონდეს, იმიტომ, რომ მე პირადად, რაც ექიმი გავხდი, მას მერე შეიძლება მყავდეს ოჯახი, შვილები, მაგრამ ჩემი პირადი მე არ გამაჩნია, სულ პაციენტების ცხოვრებით ვცხოვრობ, ეს არ არის პროფესია, ეს მთელი ცხვორებაა.

კარგად მახსოვს, ჩემი პირველი პაციენტი, რომელიც ჩემი საუკეთესო მეგობარია. არიან პაციენტები, რომლებიც არასდროს გავიწყდებიან თავიანთი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე და იმ მძიმე დაავადებების გამო, რის გამოც რეანიმაციაში გახანგრძივებული პერიოდით ყოფნა უწევთ. მყავს ისეთი პაციენტები, დილით რომ გათენდება და სანამ სამსახურამდე მივალ, ვფიქრობ, ნეტავ დღეს როგორ არის და ვურეკავ ხშირად. არ არსებობს, რომ ექიმსა და პაციენტს შორის კარგი დამოკიდებულება არ ჩამოყალიბდეს, თუ კარგი დამოკიდებულება არ ყალიბდება, იქ დაავადებასთან ბრძოლას აზრი არ აქვს. როცა პაციენტის საწოლთან ვდაგვარ, ვამბობ, ღმერთო, ეს პაციენტი გადამირჩინე, არ ვფიქრობ, რომ ის მხოლოდ პაციენტია, ის ჩემთვის ოჯახის წევრივით ძვირფასია. არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, ყოველთვის ვფიქრობ, რომ ის არის სხვისი შვილი, სხვისი დედა. რეანიმაციული განყოფილება საკმაოდ მძიმე განყოფილებაა, ეს არის განყოფილება, სადაც სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის მიმდინარეობს ბრძოლა, უმეტესწილად ეს ბრძოლა დამოკიდებულია ტაქტიკაზე, ექიმისა და მედპერსონალის  მონდომებაზე.  კორონავირუსთან ბრძოლის დროს, ჩვენი ამოსავალი წერტილი იყო რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადაგვერჩინა", - განაცხადა ლევან რატიანმა.

"მიხარია, რომ ლევანი გაჰყვა ბაბუის, მამაჩემის კვალს" - ვინ იყო ლევან რატიანის ბაბუა?

"როცა პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა, მაშინვე მე დამირეკა..." - რას ყვება ლევან რატიანის დედა?