რატომ არის საშიში ჩეჩნეთთან პირდაპირი გზა...
რატომ არის საშიში ჩეჩნეთთან პირდაპირი გზა...
ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მერამდენედ ნათქვამი ინიციატივა საქართველოს გავლით თურქეთთან დაკავშირების შესახებ,  საფრთხეს მოიცავს არა მარტო საქართველოსთვის...

აფხაზეთის ომში 1992 წლის ოქტომბრიდან, ანუ მას შემდეგ, რაც გაგრა-განთიადი დავკარგეთ, ფსოუ-ეშერის გზის მონაკვეთი იქცა აფხაზი სეპარატისტებისა და მათი მხარდამჭერი ჩრდილოკავკასიელების, ასევე რუსი სამხედროების მთავარ მომმარაგებელ არტერიად რუსეთის ტერიტორიიდან.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს როკის გვირაბმა სტრატეგიული მნიშვნელობა ითამაშა რუსეთის არმიის საბრძოლო დანაყოფებისა და მძიმე ტექნიკის ცხინვალისკენ ოპერატიულად გადმოსასროლად...

ეს ორი ფაქტიც კმარა,
იმის მისახვედრად, რომ საქართველოსადმი არცთუ მეგობრულად განწყობილი რუსეთისთვის დამატებითი სატრანსპორტო კომუნიკაციების მიცემა კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩაგვაყენებს, მითუმეტეს თუკი საქმე შეეხება რამზან კადიროვის მიერ დღეს კონტროლირებად ჩეჩნეთს.

დღეს კადიროვი გამოდის ინიციატივით, რომ აღადგინოს ითუმ-ყალედან შატილ
ამდე მომავალი გზა, რომელსაც თავის დროზე პუტინის ბრძანებით რუსული ავიაცია ბომბავდა.

ამ გზის მშენებლობა 1997 წლიდან წამოიწყო ჩეჩნეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ასლან მასხადოვმა და ამით ათასობით თანამოქალაქე გადაარჩინა სიკვდილს, რადგან მათ სწორედ ამ 30 კმ-ზე მეტი სიგრძის მოხრეშილი გზით შესძლეს შატილში გადმოსვლა, რისი მოსწრეც ამ სტატიის ავტორიც გახლდათ.

მაგრამ კადიროვი მასხადოვი არ არის, ის თავის თავს პუტინის ჯარისკაცს უწოდებს და მზადაა მისი ნებისმიერი ბრძანების შესასრულებლად - რა მოხდება, თუკი ჩეჩნეთ-საქართველო-თურქეთს შორის დამაკავშირებელ გზაზე, ერთ დღეს, ტურისტებიანი ტაქსების ნაცვლად, რუსსამხედროიანი ტანკები გამოჩნდებიან?!

არის კიდევ ერთი საფრთხეც - ვთქვათ, მოხდა საოცრება და რუსეთის ფედერაცია დაშლის პროცესში აღმოჩნდა (ისევე, როგორც ოცი წლის წინ საბჭოთა კავშირი), დარჩება კი კადიროვი ძალაუფლებაშემცირებული პუტინის ერთგული ჯარისკაცი თუ მთავარსარდლობას მოინდომებს სამხრეთ კავკასიაში გალაშქრებების სახითაც? ანუ დავდგებით თუ არა თანამედროვე ლეკიანობის დაწყების საშიშროების წინ?

გარდა ამისა, კადიროვის ინიციატივაში შეიძლება იმალებოდეს მისი საიდუმლო ჩანაფიქრი, რომ დანარჩენ მსოფლიოსთან კავშირის დამყარება მოსკოვის გვერდის ავლითაც შესძლოს, თუკი დადგება ის დრო, როდესაც მოსკოვსა და გროზნოს შორის შავი კატა გაირბენს...


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს


არანაირი გზა!
27 ნოემბერი 2019 09:58
არაა ეს ხალხი სანდო, შამილ ბასაევიდან დაწყებული ამ ბანდიტი კადიროვით დამთავრებული. ვინც მეტს გადაუხდის იმათ ემსახურებიან. იარონ ლარსის გავლით, თუ ტურისტად უნდათ გავლა - გამოვლა.

რუბრიკის სხვა სიახლეები