კახეთში აზერბაიჯანული დრონი-კამიკაძე "გვესტუმრა“?
კახეთში აზერბაიჯანული დრონი-კამიკაძე "გვესტუმრა“?
ფოტო:უპილოტო-კამიკაძე Harop-ი
ჩემი ბლოგის 3 ოქტომბრის მასალაში "როგორ აფეთქებს ალიევი ერდოღანის სიძის დრონებით მთიან ყარაბაღში პუტინის ტანკებს..." ვწერდი, რომ ისრაელში ნაყიდი Harop - ის ტიპის უპილოტო -კამიკაძე საფრენი აპარატებით აზერბაიჯანელები სომხურ ტანკებს აფეთქებდნენ, მაგრამ გავიდა სულ რაღაც ოთხი დღე და ეს საშიში მკვლელი უკვე ქართულ მიწაზე "გვესტუმრა"?!

7 ოქტომბერს საქართველოს შსს-მ ოფიციალური ინფორმაცია გამოაქვეყნა - შინაგან საქმეთა სამინისტროში კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს მიმდებარე ტერიტორიებზე უპილოტო საფრენი
ორი აპარატის ჩამოვარდნის შესახებ
შეტყობინება მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს, დაახლოებით 18:35 და 18:45 წუთებზე შევიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ორივე ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, ექსპერტ-კრიმინალისტები ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს.
სოციალურ ქსელში, ჯერ კიდევ 7 ოქტომბრის ბოლოს გავრცელებული ფოტოებით
თუ ვიმსჯელებთ, რომლებზეც კახეთში ჩამოვარდნილი ერთ-ერთი უპილოტოს ფრაგმენტებია ასახული, ის დიდი ალბათობით შეიძლება სწორედ უპილოტო-კამიკაძე Harop - ი იყოს...
უპილოტო-კამიკაძე Harop-ი და კახეთში ჩამოვარდნილი დრონის ფრაგმენტები, რომლებიც დიდი ალბათობით, შეიძლება მას ეკუთვნოდეს...
თუ ეს მართლაც ასეა, იბადება კითხვა - როგორ მოხვდა ეს უპილოტო - კამიკაძე ყარაბაღის საბრძოლო მოქმედების ზონიდან 100 კმ-ზე მეტად დაშორებულ კახეთში?

თუ მას ყარაბაღში ან სულაც სომხეთში უმიზნებდნენ, ეს ხომ სულ სხვა, სამხრეთი მიმართულებაა, ხოლო კახეთი კი ჩრდილოეთითაა.
შეიძლება იმის დაშვება, რომ ისრაელის წარმოების ასეთი ულტრათანამედროვე საფრენი აპარატის ოპერატორი ისე მწარედ შეცდა, რომ ყარაბაღს 100 კმ-ით ააცილა და თანაც სამხრეთი ჩრდილოეთში აერია?

ან იქნებ რომელიმე ქვეყნის, თუნდაც იმავე რუსეთის, გიუმრის სამხედრო ბაზიდან რადიოელექტრონული ბრძოლის "ოსტატები" "ჩაერივნენ" და ამ უპილოტო-კამიკაძეს "თავგზა აუბნიეს"და ფრენის მარშრუტი ჩრდილოეთისკენ, საქართველოს ტერიტორიისკენ ააღებინეს?

ჯერ-ჯერობით კითხვები უფრო მეტია, რადგან ეს ბლოგი ცხელ კვალზე, 7 ოქტომბრის დღის ბოლოს იწერებოდა და იმედია მომდევნო დღეები უფრო მეტ სინათლეს მოჰფენს ამ საქმეს...

მე კი ამავე ბლოგის 1 ოქტომბრის სტატიდან "ყარაბაღის კონფლიქტი და 6 საფრთხე საქართველოსთვის" ერთ ამონარიდს მოვიყვან "საფრთხე #2 ... ბრძოლების დროს არაერთხელ მომხდარა, რომ მიზანს აცილებული რაკეტა და ჭურვი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩავარდნილა და იქ ტრაგედია დაუტრიალებია … საქართველოს საზღვართან რაც უფრო ახლოს გაიმართება დაპირისპირება, მით უფრო იზრდება იმის შანსი, რომ სამიზნედაკარგული რაკეტა ჩვენს ტერიტორიაზე ჩამოვარდეს. "

ვიდეოს ავტორი: ზეზვა მუკბანიანი

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

მამლუქი
08 ოქტომბერი 2020 21:48
რომ ვუყუირებ დღევანდელ ომს კომპიუტერულ თამაშს გავს, ჯოისტიკებით მიდის ომი, სულ არ არის საჭირო 35 ტონიანი ტანკები, საჭიროა მობილური თანამედროვე შეიარაღება. მოიერიშეები მაინც უალტერნატივოა ჯერჯერობით. დრონები აუცილებელია მაგრამ მაღალ სიმაღლეზე ვერ დაფრინავენ, ისე ამ დრონებს როგორ უწევენ წინააღმდეგობას საინტერესოა.
აღარაფერი ჩამოვარდება!
08 ოქტომბერი 2020 16:23
არ არის ადვილი საქმე, მაგრამ საგარეო პოლიტიკის ვექტორი თუ სწორად გაქვს არჩეული, ამგვარი გზააბნეული ჩიტების
მოფრენის შანსიც იკლებს!
mzirali
08 ოქტომბერი 2020 13:47
როგორც ჩანს რუსების ხელიც შეიზლება ურიოს. არა მგონია ოპერატორს რამე შეშლოდა. არა გამორიცხული რომ ნავიგაციის სისტემა გამარტული არ იყო მაგრამ ამის გამო აჯიოტაჯს ნუ ავტეხავთ. თუ კიდევ განმეორდა მაშინ სხვა საქმეა. ისე ჩვენი სამხედრო უწყება სატანდო დასკვნებს გააკეთებს და ჯანგიანი ტვითმფინავების შეკეტების სურვილიდან სწორედ დრონების შეძენაზე და მის წარმოებაზე იფიქროს სჯობია

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები