"ნოემბრიდან ნოემბრამდე", ანუ ოქრუაშვილის დაჭერისა და ბერძენიშვილის "აგენტობიდან" სააკაშვილის ბოდიშამდე
"ნოემბრიდან ნოემბრამდე", ანუ ოქრუაშვილის დაჭერისა და ბერძენიშვილის "აგენტობიდან" სააკაშვილის ბოდიშამდე
"მოდი, დავიწყოთ ბოდიშით!" - თქვა გახარიამ და ლამის ყველას აეხილა თვალი და გაუნათდა დაბნელებული გონება. ყველა ერთბაშად ბოდიშის მოხდისა და მონანიების ხასიათზე დადგა... აქეთ "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი, იქით "ნაციონალური მოძრაობა" და მათი კანდიდატი ვაშაძე...

რამდენიც არ უნდა მეფიქრა, ვერაფრით ვივარაუდებდი, რომ გრიგოლ ვაშაძე თავდაცვის ექსმინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს თუ შინ ესტუმრებოდა და სულში ჩაიძვრენდა. ამან ერთი ძველი ანეკდოტი გამახსენა: ერთმა ძალიან ცოდვილმა კაცმა სიბერეში ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. ამის შემხედვარე
გურულმა უთხრა - ძამა, ღმერთს აწი შენზე გული აღარ მუუბრუნდება და ეშმაკთან მაინც ნუღარ გეიფუჭებ საქმესო.

ოქრუაშვილამდე კიდევ ერთი დიდი შერიგება იყო -"ნაცებმა" და "რესპუბლიკურმა პარტიამ" მიუტევეს ერთმანეთს ძველი ცოდვები. უფრო ადრე, მაშინ როცა კოალიცია "ძალა ერთობაშია" შეიქმნა, თვით მურმან დუმბაძეს შეუნდეს და ჩაიხუტეს... ვაშაძე
თან ამტკიცებს, ყველაფერთან ერთად, სააკაშვილს, ახალაიებს და მერაბიშვილსაც შევიწყალებო. ჰოდა, ამათ იმდენი შენდობა დაუგროვდათ, ვაშაძე პრეზიდენტის რეზიდენციაში თუ არა, სასუფეველში უეჭველი შევა ( ბუნებრივია ასი წლის მერე).

ისე, ძალიან საინტერესოა, ოქრუაშვილის პოზიცია, შერიგების შემდეგაც თვლის, რომ ზურაბ ჟვანია იმ ბინაში არ გარდაცვლილა და გვამი მიიტანეს, თუ შერიგების მერე, თვალი აეხილა და თქვა, უი, წინა დღეებში მეზობლის დაკრძალვაზე ვიყავი და იმაში ამერია ეს ამბავიო?! ხო, დიდი სისულელეა, რაც ახლა დავწერე, მაგრამ ისეთი ამბები ხდება, რომ გამორიცხული არაა მართლა ასეთი განცხადებების მოწმე გავხდეთ.

სხვათა შორის, ვაშაძეები (გრიგოლი და გიორგი) და ნიკა რურუა საპატრიარქოშიც იყვნენ. ვიფიქრებდი, პოლიტიკაზე ისაუბრეს-მეთქი, მაგრამ ისეთ ქრისტიანულ ტალღაზე არიან, ისეთ ხალხს აძლევენ შენდობას, რომ მგონი საპატრიარქოში ტრენინგი ჩაატარეს - "როგორ შევუნდოთ მტერს და ვაპატიოთ ძველი წყენა". არის ასეთი გამოთქმა, კაცის გულზე მისასვლელი გზა კუჭზე გადისო. ჩვენს რეალობაში ეს ასე შეგვიძლია ვთქვათ - ხელისუფლებაში მოსასვლელი გზა საპატრიარქოზე გადის.
გიორგი ვაშაძე, ნიკა რურუა და გრიგოლ ვაშაძე საპატრიარქოს დატოვებისას
აბა, საპატრიარქო მაშინც იქ იყო სადაც ახლაა, ეკლესია-მონასტრებიც იქ იდგნენ, სადაც ახლა დგანან, მაგრამ არჩევნებამდე არც "ოცნება" დამინახავს იქ და მით უფრო არც "ნაციონალები". ისე, მაინც რაა ჩვეულება, რომელიც მართლა რჯულზე უმტკიცესია. საპატრიარქოდან არ იყვნენ გამოსული (არაა გამორიცხული, საპატრიარქოდანვე უმესიჯა გიორგი ვაშაძემ თავის ადმინებს) რომ განცხადება გააკეთეს, რომელთან დაკავშირებითაც საპატრიარქოდან ბრძანეს - მაგათი განცხადება ტყულია, მსგავსი არაფერი თქმულა შეხვედრაზეო.

მოკლედ, როგორც ამბობენ, ძაღლის კუდს არაფერი გაასწორებს, რისი მაგალითი სააკაშვილია, რომელიც ერთი მხრივ ლევან ბერძენიშვილს ბოდიშს უხდის, მეორე მხრივ კიდევ მამუკა ხაზარაძეს ემუქრება...

მეორე ტურის წინ, "ქართულ ოცნებაში" უთქვამთ, დროა ის განაწყენებული ხალხი შემოვირიგოთ, ვინც 2012 წელს მოგვაგებინა არჩევნებიო. აგერ თვით ბიძინა ივანიშვილმა მიმართა "გულგატეხილებს" და დაგვპირდა თუ ერთ წელიწადში ვერ გამოვასწორე ხარვეზები, ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვიქნებიო...

რა ვიცი, ბატონო ბიძინა, გიშველით კი ეს დაპირება?

თანაც, ახლა რასაც ვუყურებ "ნაციონალებიც" იგივე რეჟიმში არიან და "ვარდების რევოლუციის" "სასტავს" აბრუნებენ, ჰოდა, ბოლო სერიაში, ნინო ბურჯანაძეს შეურიგდებიან. ეჭვი მაქვს, შერიგების სცენა ისეთი გულისამაჩუყებელი იქნება, რომ "ბოლივუდი" იყიდის. რა თქმა უნდა, საავტორო უფლებები საქართველოს დარჩება და თუ გავითვალისწინებთ "ბოლივუდის" მიერ ფილმების გადაღების ტემპს, ავშენებულვართ და ეგაა.

ეჰ, ჩვენი, ბიზნესმენების უნიათობას რა ვუთხარი თორემ, იყიდე ბლომად ნახერხი, დაყარე ქუჩებში, მერე გააკეთე რეკლამა და მოიზიდე ტურისტი, რომელი ცირკი შეედრება იმას რაც ახლა ჩვენთან ხდება, მე შენ გეტყვი და ილუზიონისტების ნაკლებობაა თუ ჯამბაზების?!

P.S. სხვათა შორის, მეტად მწვავე ამბები ხდებოდა ქვეყანაში 2007 წლის ნოემბერშიც - აწ უკვე შენდობა მიცემული "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი რუსეთთან კავშირში იყო მხილებული და მასზე "ნაციონალთა" უმეტესობა ამბობდა, - ეგ მოღალატეაო. სხვათა შორის, ოქრუაშვილიც რუსეთის მონა და მოღალატე იყო, რომელიც რუსეთის დახმარებით აპირებდა ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლას, რომელიც დააკავეს და... მაგრამ დღეს ყველაფერი დავიწყებას მიეცა.

"რესპუბლიკელ" ლევან ბერძენიშვილს ისიც კი უთხრეს, მოღალატეობას რომ გაბრალებდით ვცდებოდით და ბოდიშიო. ჰოდა, ახლა მიჩნდება ერთი კითხვა (ვგონებ ლოგიკური), რატომ ვართ დაზღვეული, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში ბატონი გრიგოლი პუტინს არ ეტყვის - "ცუდი რაღაცეები კი ქენი, მაგრამ არც ისე ცუდი, რომ ასე გაგველანძღე და ბოდიშს გიხდითო". კი ბატონო, ვიცი, ნამეტანი გაზვიადებული შედარებაა, მაგრამ ერთი კვირის წინ რომ დამეწერა, "ნაციონალები" ირაკლი ოქრუაშვილს შეურგდებიან-მეთქი, იგივეს ხომ მეტყოდით?! ჰოდა, მაშინ ახლა რატომ ვართ დაზღვეული?!


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
-
06 ნოემბერი 2018 13:54
ზომბები ბრუნდებიან?! მეტი არაა ჩემი მტერი, თუმცა დესტაბილიზაციის გამოწვევა შეუძლიათ.პრინციპში მიზანიც ეგა აქვთ სავარაუდოდ.
qeTo
06 ნოემბერი 2018 11:14
გული გვერევა ამ სახეებზე.... შევარდნაძის დროს იყო ასეთი ხაზარაძე. ხალხი ცუდად ხდებოდა მის დანახვაზე... მერე წავიდა და ყანას თოხნა დაუწყო. ნახა ის საქმე, რაც შეეძლო ნეკეთებინა. ასეა ამათი საქმეც. სანამ არ მიაგნებენ იმას, რაც ეხერხებათ, არ მოგვეშვებიან. ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი დასაქმებაში!
2222
06 ნოემბერი 2018 10:28
ნუთუ ამთი ვინმეს სჯერა .ქართველებო გამოფხიზლდით.ამ ადამიანების როგორგა უნდა ირწმუნოს კაცმა.ეგენი არ იყვნენ ძირფესვიანად რომ თხრიდნენ წინა მთავრობასს

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები